ზირაქი 3
- 1
მე, მამას, მისმინეთ, შვილებო, და ისე მოიქეცით, რომ გადარჩეთ.
- 2
რადგან უფალმა შვილებზე აამაღლა მამა და დედის მსჯავრი დაამტკიცა ძეთა ზედა.
- 3
მამის პატივისმცემელი ცოდვათაგან განიწმინდება
- 4
და საუნჯის მაუნჯებელივით არის დედის მადიდებელი.
- 5
მამის პატივისმცემელი შვილებით გაიხარებს და მისი ვედრების ჟამს შესმენილ იქნება.
- 6
მამის მადიდებელი დღეგრძელი იქნება და უფლის მორჩილი თავის დედას შვებას მოუტანს.
- 7
როგორც ბატონებს, ისე დაემორჩილება თავის მშობლებს.
- 8
საქმით და სიტყვით პატივი ეცი მამას, რათა მისი კურთხევა გადმოვიდეს შენზე.
- 9
რადგან კურთხევა მამისა შვილთა სახლებს განამტკიცებს, წყევლა დედისა კი საძირკველითურთ აღმოფხვრის.
- 10
ნუ განდიდდები მამაშენის უპატიობით, რადგან შენთვის პატივი არ იქნება მამის შეურაცხყოფა.
- 11
რადგან დიდება კაცისა მამის პატივისცემაა და სირცხვილია შვილებისათვის შეურაცხყოფილი დედა.
- 12
შვილო, მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში.
- 13
თუ გონება მოაკლდეს, გულმოწყალება იქონიე და მთელი შენი ძალით ნუ შეურაცხყოფ მას,
- 14
რადგან მამის შეწყალება არ დაგეკარგება და ცოდვათა მიუხედავად აშენდები.
- 15
შენი გასაჭირის დღეს გაგიხსენებენ და როგორც ყინული სიცხისაგან, ისე დადნება შენი ცოდვები.
- 16
მამის მიმტოვებელი ღვთის მგმობელია და დედის განმარისხებელი დაწყევლილია უფლისაგან.
- 17
შვილო, მშვიდად წარმართე შენი საქმეები და ღვთის სათნო კაცი შეგიყვარებს.
- 18
რამდენადაც დიდი ხარ, იმდენად დაიმდაბლე შენი თავი და უფლის წინაშე მადლს იპოვი.
- 19
რადგან დიდია უფლის მეუფება და მორჩილთაგან იდიდება იგი.
- 20
შენთვის მეტისმეტად საძნელოს ნუ ეშურები და შენს ძალაზე აღმატებულს ნუ გამოიკვლევ.
- 21
რაც გებრძანება, ის გულისხმაჰყავ, რადგან დაფარული არ გჭირდება.
- 22
შენს მრავალ საქმეთაგან ზედმეტს ნუ ეშურები, რადგან მასზე მეტი გამოგეცხადა, რისი შეცნობაც ადამიანს შეუძლია.
- 23
რადგან მრავალი აცდუნა მათმა განზრახულმა და უკეთურმა ოცნებამ დაღუპა მათი გონება.
- 24
გულქვას ბოროტი მიეგება საბოლოოდ და საფრთხის მოყვარული მასში ჩავარდება.
- 25
გულქვას სალმობანი დაამძიმებს და ცოდვილი ცოდვაზე ცოდვას მიუმატებს.
- 26
განსაცდელი ქედმაღლისათვის განკურნება არ არის, რადგან ბოროტების ნერგი ფესვგადგმულია მასში.
- 27
გონიერი გული იგავს მიხვდება და მსმენელი ყური სიბრძნის მწყურვალია.
- 28
აგიზგიზებულ ცეცხლს წყალი ჩააქრობს და ცოდვებს განწმედს გულმოწყალება.
- 29
წყალობისათვის სამაგიეროს გამღები მომავალზე ზრუნავს და თავისი დაცემის ჟამს საყრდენს იპოვის.