ზირაქი 2
- 1
შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი.
- 2
გული დაიმორჩილე, მოთმინებით აღიჭურვე და ნუ აჩქარდები განსაცდელის ჟამს.
- 3
მიეახლე მას და ნუ განშორდები, რათა ამაღლდე საბოლოოდ.
- 4
რაც შეგემთხვევა, ყველაფერი მიიღე და სულგრძელობით დაითმინე დამცირებანი.
- 5
რადგან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი - მორჩილების ქურაში.
- 6
ერწმუნე მას და შეგეწევა, სწორად წარმართე გზები და მისი იმედი იქონიე.
- 7
უფლის მოშიშნო, მის წყალობას ელოდეთ და ნუ მიიქცევით, რათა არ დაეცეთ.
- 8
უფლის მოშიშნო, გწამდეთ მისი და არ დაგეკარგებათ საზღაური.
- 9
უფლის მოშიშნო, იმედი გქონდეთ სიკეთისა, საუკუნო სიხარულისა და წყალობისა.
- 10
გადახედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვინ ირწმუნა უფლისა და შერცხვენილ იქნა? ან ვინ იყო მის შიშში და მიტოვებულ იქნა, ანუ ვინ მოუხმო მას და მან უგულებელყო?
- 11
რადგან უფალი შემბრალეა და მოწყალე, ცოდვათა მიმტევებელი და მხსნელი გასაჭირის ჟამს.
- 12
ვაი, გულმხდალებს და ხელძაბუნებს, და ცოდვილებს, ორი გზით მავალთ!
- 13
ვაი, გულს დაძაბუნებულს, რადგან არა სწამს, ამიტომაც დაცული არ იქნება!
- 14
ვაი, თქვენ, მოთმინების დამკარგავნო! რას მოიმოქმედებთ, როცა უფალი მოგაკითხავთ?
- 15
უფლის მოშიშნი ურწმუნოდ არ მოეკიდებიან მის სიტყვებს და მისი მოყვარულნი მის გზებს დაიცავენ.
- 16
უფლის მოშიშნი მის წყალობას ეძიებენ და მისი მოყვარულნი აღივსებიან რჯულით.
- 17
უფლის მოშიშნი თავიანთ გულებს გაამზადებენ და მის წინაშე თავს დაიმდაბლებენ.
- 18
ჩავვარდეთ უფლის ხელში და არა კაცთა ხელში, რადგან რა დიდიცაა იგი, იმგვარივეა მისი წყალობა.