ზირაქი 29
- 1
წყალობის გამღები სესხს აძლევს მახლობელს და თავისი ხელით მისი მომაღონიერებელი მცნებათა დამცველია.
- 2
ასესხე მახლობელს მისი გასაჭირის ჟამს და თავადაც დროზე დაუბრუნე ვალი.
- 3
მტკიცედ დაიცავი სიტყვა, მისი ერთგული იყავი და ყოველ ჟამს იპოვი შენთვის საჭიროს.
- 4
ბევრმა მიიჩნია სესხი ნაპოვნად და ტანჯვაში ჩააგდო თავისი შემაწევარნი.
- 5
ვიდრე მიიღებდეს, ხელებს დაუკოცნის მას და მახლობლის ფულზე ლაპარაკისას ხმას დაუწევს, გადახდისას კი დროს გააჭიანურებს, დაუდევრად გასცემს პასუხს და დროს მოიმიზეზებს.
- 6
თუკი შეძლებს გადახდას, ნახევარს ძლივს მიუტანს და მსესხებელს ნაპოვნად ჩაეთვლება; თუ არა და, დაუკარგავს თავისი ფული და ტყუილუბრალოდ მტერიც შეუძენია, რადგანაც წყევლას და გინებას შეუთვლიან და ნაცვლად პატივისა უპატიობას მიაგებენ.
- 7
ამგვარი ვერაგობის გამო მრავალნი უარს ამბობენ სესხებაზე. ეშინიათ, ტყუილუბრალოდ არ იზარალონ.
- 8
მაგრამ ღარიბის მიმართ სულგრძელი იყავი და მოწყალებას ნუ დაუგვიანებ.
- 9
შეეწიე გლახაკს მცნებისამებრ და გასაჭირში მყოფს ხელცარიელს ნუ გაუშვებ.
- 10
დახარჯე ვერცხლი ძმისა და მეგობრის გულისათვის და ნუ დაჟანგავ მას ლოდის ქვეშ დასაღუპავად.
- 11
შენი საუნჯე უზენაესის მცნებისამებრ დააწყვე და ოქროზე მეტ სარგებლობას მოგიტანს.
- 12
სამადლოდ გასაცემი შენს საგანძურში დააგროვე და იგი გიხსნის ყოველგვარ გასაჭირში,
- 13
და მტკიცე ფარზე და მძიმე შუბზე უკეთ დაგიცავს მტრისგან.
- 14
კეთილი კაცი მახლობელს თავდებად დაუდგება, სირცხვილდაკარგული კი მიატოვებს.
- 15
ნუ დაუკარგავ თავდებობის მადლს, რადგან შენთვის გასცა მან თავისი სიცოცხლე.
- 16
თავმდების დოვლათს დაავსებს ცოდვილი და უმადური თავის მხსნელს მიატოვებს.
- 17
თავდებობამ ბევრი შეძლებული დაღუპა და, როგორც ზღვის ტალღამ, შეარყია.
- 18
სახლიდან განდევნა ძლიერი ვაჟკაცები და უცხო ტომებში ახეტიალა.
- 19
ცოდვილი, თავდებობის მტვირთველი და მოგებას გამოდევნებული, სასჯელს იტვირთავს.
- 20
შეეწიე მახლობელს შენი შეძლებისამებრ და უფრთხილდი, რომ თავადაც არ ჩავარდე.
- 21
დასაბამი სიცოცხლისა წყალი და პურია, სამოსელი და სახლი კი - სირცხვილის დამფარველი.
- 22
ფიცრულში ერჩიოს ღატაკს ცხოვრება უცხოთა შორის ბრწყინვალე ნადიმებს.
- 23
მცირედითაც და დიდითაც მადლიერი იყავი და სახლეულის საყვედურს არ მოისმენ.
- 24
ცუდია სიცოცხლე სახლიდან სახლამდე ხეტიალში; სადაც ხიზნად ხარ, პირს ვერ გააღებ.
- 25
უმასპინძლებ და ასვამ უმადლოდ და, ამასთან ერთად, მწარესაც მოისმენ.
- 26
მოდი აქ, გადამთიელო, სუფრა გაშალე და, თუ რამე გაქვს, მეც მაჭამეო.
- 27
დაუთმე ადგილი, გადამთიელო, პატივსაცემ კაცს, ძმა მესტუმრა და სახლი მჭირდება.
- 28
მძიმეა ეს მგრძნობიარე კაცისათვის: თავშესაფრის დამადლება და სესხის დაყვედრება.