ზირაქი 30
- 1
ვისაც თავისი შვილი უყვარს, გაწკეპლვას მოუხშირებს, რათა საბოლოოდ მისით გაიხაროს.
- 2
შვილის გამწვრთნელი შეწევნას მიიღებს მისგან და ნაცნობთა შორის თავს მოიწონებს.
- 3
შვილის გამწვრთნელი მტერში შურს აღძრავს, მეგობრებში კი მისით გაიხარებს.
- 4
აღესრულა მამამისი და, თითქოს არც მომკვდარა, რადგან დატოვა თავისი მსგავსი.
- 5
ვიდრე ცოცხალი იყო, შესცქეროდა მას და ხარობდა და არც სიკვდილის ჟამს იყო მწუხარე.
- 6
რადგან მტრების შურისმგებელი დატოვა, მეგობრებისთვის კი - მადლის გადამხდელი.
- 7
შვილის გამანებივრებელი ჭრილობებს შეუხვევს შვილს და მის ყოველ წამოყვირებაზე შეუქანდება გული.
- 8
გაუხედნელი ცხენი ჯიუტად იქცევა, თავის ნებაზე მიშვებული შვილი კი თავხედურად იქცევა.
- 9
გაანებივრე შვილი და შეგაშინებს, ეთამაშე და დაგამწუხრებს.
- 10
ნუ გაიცინებ მასთან, ვაითუ მასთან ერთად იდარდო და ბოლოს კბილები აღრჭიალო.
- 11
ნებაზე ნუ მიუშვებ სიჭაბუკეში.
- 12
და გვერდები დაუჟეჟე, ვიდრე ნორჩია, რომ არასოდეს გაჯიუტდეს და შენს მორჩილებაზე ხელი არ აიღოს.
- 13
გაწვრთენი შვილი და იშრომე მასზე, რომ მისი უხამსი საქციელი თავშისაცემი არ გაგიხდეს.
- 14
ჯანმრთელი და ძალ-ღონით ძლიერი ღატაკი სჯობს სხეულით დაძაბუნებულ მდიდარს.
- 15
სიმრთელე და სიძლიერე ყველა ოქროს სჯობს და ჯანსაღი სხეული - განუზომელ სიმდიდრეს.
- 16
სიმდიდრე როდია უკეთესი ჯანმრთელ სხეულზე და არ არსებობს უფრო დიდი სიხარული, ვიდრე გულის სიხარულია.
- 17
გამწარებულ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს და ხანგრძლივ სნეულებას - საუკუნო განსვენება.
- 18
მოკუმულ პირთან დაღვრილი სიტკბო იგივეა, რაც საფლავზე დაწყობილი სანოვაგე.
- 19
რა სარგებლობას მოუტანს კერპს მსხვერპლი? ვერ შეჭამს და ვერც დაყნოსავს; ასეა უფლისგან განდევნილიც.
- 20
თვალებით უყურებს და კვნესის, როგორც საჭურისი, ქალწულს რომ ეხვევა და კვნესის.
- 21
ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნუ გაიწამებ ნებაყოფლობით.
- 22
გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება - დღეგრძელობა მისი.
- 23
დაიამე სული და გულით გამხნევდი და დარდი განიშორე, რადგან დარდს მრავალი დაუღუპავს და უსარგებლოა იგი.
- 24
შური და სიშმაგე დღეებს ამოკლებს, ზრუნვას კი ნაადრევად მოაქვს სიბერე.
- 25
ნათელი გული და სიკეთე თავის საზრდელზე თავად იზრუნებს.