ზირაქი 28
- 1
შურისმგებელი შურისგებას უფლისაგან იპოვის: ის ადევნებს თვალყურს მის ცოდვებს.
- 2
მიუტევე უსამართლობა შენს მახლობელს და მაშინ ვედრებისას შენც მიგეტევება შენი ცოდვები.
- 3
ადამიანი ადამიანზეა გამწყრალი, უფლისგან კი ეძიებს განკურნებას.
- 4
თავის მსგავს ადამიანს ვერ უთანაგრძნობს და საკუთარ ცოდვათა გამო კი ივედრება.
- 5
თავადაც ხორციელი ბოღმას ინახავს და ვინ განწმიდოს იგი ცოდვებისგან?
- 6
გაიხსენე აღსასრული და შეწყვიტე მტრობა; გახსოვდეს გახრწნა და სიკვდილი, და მცნებანი დაიცავი.
- 7
მცნებები გაიხსენე და მახლობელზე ნუ განრისხდები; უზენაესის აღთქმა გახსოვდეს და უგუნურება მოიძულე.
- 8
თავი შეიკავე ჩხუბისგან და ცოდვებს შეიმცირებ, რადგანაც გულფიცხი კაცი ჩხუბს დაანთებს.
- 9
ცოდვილი კაცი მეგობრებში შფოთს შეიტანს და მშვიდად მცხოვრებთა შორის შუღლს ჩამოაგდებს.
- 10
როგორიცაა შეშა, ისეთი გაჩაღდება ცეცხლიც; როგორიცაა ჩხუბის საფუძველი, ისეთი გაჩაღდება ჩხუბიც; როგორიც არის კაცის ძალა, ისეთივე იქნება მისი გულისწყრომა; რა ქონების პატრონიცაა იგი, ისე აიწევს მისი რისხვა.
- 11
ცხარე შუღლი ცეცხლს აღაგზნებს, ცხარე ჩხუბისგან კი სისხლი დაიღვრება.
- 12
ნაკვერცხლებს შეუბერავ და გაჩაღდება, დანერწყვავ და ჩაქრება; ორივე შენი პირიდან გამოდის.
- 13
წყეულიმც იყოს დამსმენი და ცილისმწამებელი, რადგან ბევრი მშვიდობიანი ხალხები დაღუპეს.
- 14
მესამე ენამ ბევრი შეარყია და დევნა ისინი ხალხიდან ხალხში; მტკიცე ქალაქები დაარღვია და დიდებულთა სახლები დაამხო.
- 15
მესამე ენამ ქველი დედაკაცები განდევნა და მოწყვიტა ისინი თავიანთ ნაჯაფარს.
- 16
მოსვენებას ვერ იპოვის ჭორის მსმენელი და მშვიდად ვერ იცხოვრებს.
- 17
შოლტის ცემა წყლულებს აჩენს, ენით ცემა კი ძვლებს შემუსრავს.
- 18
მრავალნი დაეცნენ მახვილისგან, მაგრამ უმრავლესნი ენით.
- 19
ბედნიერია, ვინც მისგან დაიცვა თავი, ვისაც არ დაატყდა მისი რისხვა, ვინც არ ათრია მისი უღელი და მისი ბორკილებით არ შეიკრა.
- 20
რადგანაც უღელი მისი რკინის უღელია და ბორკილები მისი - სპილენძის ბორკილები.
- 21
ავი სიკვდილია მისი სიკვდილი და ჯოჯოხეთიც კი უკეთესია მასზე.
- 22
ვერ ეწევა იგი ღვთისმოსავებს და არ დაიწვებიან ისინი მისი ალით.
- 23
უფლის მიმტოვებელნი კი დაექანებიან მისკენ და გაჩაღდება იგი მათ შორის, და აღარ ჩაქრება. მოევლინებათ მათ, როგორც ლომი და როგორც ჯიქი გაანადგურებს მათ.
- 24
იცოდე, ეკლით მოზღუდე შენი ქონება და შეკარი შენი ოქრო-ვერცხლი.
- 25
სასწორ-საზომი მიუჩინე შენს სიტყვებს და კარი და საკეტი გაუკეთე შენს პირს.
- 26
უფრთხილდი, არ წაიბორძიკო მის გამო და მომნადირებელის წინ არ დაეცე.