ზირაქი 27
- 1
ბევრმა შესცოდა წვრილმანთა გამო, სიმდიდრის მძებნელი კი თვალს მოარიდებს.
- 2
მიჯრილ ქვებს შორის ლურსმანი ჩაერჭობა, ასევე ყიდვა-გაყიდვაში ცოდვა შეიჭრება.
- 3
უკეთუ კაცი მტკიცედ და ბეჯითად არ არის ღვთის შიშში, სწრაფად დაემხობა მისი სახლი.
- 4
საცრის შერხევისას ნაგავი რჩება, ასევე კაცის უწმინდურობანი - მისი მსჯელობისას.
- 5
თიხის ჭურჭელს ღუმელი გამოცდის, ხოლო კაცს მისი საუბარი.
- 6
ხის მოვლა-პატრონობას ნაყოფი წარმოაჩენს, ადამიანის გულის ზრახვებს კი - სიტყვა.
- 7
ნუ შეაქებ კაცს საუბრის დაწყებამდე, რადგან ეს არის ადამიანის გამომცდელი.
- 8
თუკი სიმართლეს მისდევ, მისწვდები კიდევაც და შეიმოსავ მას, როგორც დიდების შესამოსელს.
- 9
ფრინველნი თავიანთ მსგავსებთან სხდებიან და სიმართლეც იმათ დაუბრუნდება, რომელნიც მისით მოქმედებენ.
- 10
როგორც ლომი უსაფრდება ნადავლს, ასევე ცოდვა - უსამართლობის ჩამდენთ.
- 11
საუბარი ღვთისმოსავისა მუდამ სიბრძნეა, უგუნური კი მთვარესავით იცვლება.
- 12
უმეცრებთან დროს ნუ დაკარგავ, არამედ გონიერთა შორის დაყავი ხანი.
- 13
ბრიყვთა საუბარი აუტანელია; მათი სიცილი ცოდვით თავის შექცევაა.
- 14
მრავალმოფიცარის ყბედობა თმას ყალყზე აყენებს და მათი კამათი ყურთასმენას ახშობს.
- 15
ქედმაღალთა ჩხუბი სისხლისღვრაა და მათი ლანძღვა - მძიმე მოსასმენი.
- 16
საიდუმლოს გამცემი ნდობას დაკარგავს და სულის მეგობარს ვერასოდეს იპოვის.
- 17
გიყვარდეს მეგობარი და იყავი ერთგული მისი, ხოლო თუ მის საიდუმლოებას გააცხადებ, ნულარ დაედევნები უკან.
- 18
რადგან როგორც კაცი კლავს თავის მტერს, ასევე მოკალი შენ მახლობლის მეგობრობა.
- 19
თითქოსდა ჩიტი გაგეშვას ხელიდან, ისე დაკარგე მახლობელი და ვეღარ მოინადირებ მას.
- 20
ნუღარ დაედევნები, რადგანაც იგი შორს გაგიდგა და გაგექცა, როგორც შველი ხაფანგისაგან.
- 21
რადგან შეიძლება ჭრილობის შეხვევა და შერიგება ჩხუბის შემდეგ, მაგრამ ვინც საიდუმლო გაამჟღავნა, შერიგების იმედიც დაკარგა.
- 22
ვინც თვალით ანიშნებს, ის ხრიკებს აწყობს და ვერავინ დააბრკოლებს მას.
- 23
შენს თვალწინ ენას დაითაფლავს და გაიკვირვებს შენს სიტყვებს, ბოლოს კი შეირყვნის პირსაც და შენს სიტყვებშიც საცთურს აღმოაჩენს.
- 24
ბევრი რამ შევიძულე, მაგრამ მის მსგავსად არავინ! და უფალიც შეიძულებს მას.
- 25
ქვის მაღლა მსროლელი თავის თავს ესვრის და მზაკვრული დარტყმა ჭრილობას გახსნის.
- 26
ორმოს მთხრელი თვითონვე ჩავარდება მასში და მახის დამგებიც თვითონვე გაებმება.
- 27
ვინც ბოროტებას სჩადის, მასვე მიუბრუნდება და ვერც გაიგებს, საიდან დაატყდა თავს.
- 28
ამპარტავნის საქმე დაცინვა და ლანძღვაა, მაგრამ შურისგება ჩასაფრებული ლომივით ელოდება მას.
- 29
ღვთისმოსავთა დაცემის მოხარულნი მახეში გაებმებიან და სატკივარი სიკვდილამდე მოინელებს მათ.
- 30
რისხვაც და წყრომაც სისაძაგლეა და ცოდვილი კაცი მათი მფლობელი იქნება.