ზირაქი 26
- 1
ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება.
- 2
ერთგული ცოლი ახარებს თავის ქმარს და მის წლებს სიმშვიდით აღავსებს.
- 3
კარგი ცოლი კარგი ხვედრია - წილად ერგებათ უფლის მოშიშებს.
- 4
მდიდარია თუ ღარიბი, დაამებული ექნება გული, სახე კი ყოველჟამს მხიარული.
- 5
სამი რამის ეშინია ჩემს გულს, მეოთხეზე კი ვლოცულობ: ქალაქის ჭორისა, ბრბოს ამბოხისა და ცილისწამებისა. ეს ყველაფერი სიკვდილზე საშინელია.
- 6
გულისწუხილია და უბედურებაა ცოლი, რომელიც სხვა ქალზე ეჭვიანობს და შოლტი მისი ენისა ყველას გადაწვდება.
- 7
ავი ცოლი ხარის მორყეული უღელია: მის დამჭერს გინდა მორიელი შეუპყრია.
- 8
დიდი ჯავრია ლოთი ცოლი: ვერ დაფარავს იგი თავის აუგს.
- 9
ქალის მრუშობა თვალთა ზეაპყრობით და მისი წამწამებით გამოიცნობა.
- 10
თავნება ქალიშვილს დარაჯი მიუჩინე, თავი არ აიშვას თავისდა საზიანოდ.
- 11
მოერიდე უტიფარ თვალს და ნუ გაიკვირვებ, თუკი შესცოდავს შენს წინააღმდეგ.
- 12
როგორც მწყურვალი მგზავრი აღებს პირს და ახლო-მახლო ყველა წყალს ეწაფება, ასე დაჯდება იგი ყოველი პალოს წინ და ისრისათვის გააღებს კაპარჭს.
- 13
ცოლის სიკეთე ქმარს ახარებს და მისი გამჭრიახობა აპოხიერებს მის ძვლებს.
- 14
უფლის წყალობაა ჩუმი ცოლი და ფასდაუდებელია განსწავლული სული.
- 15
მადლის მადლია კდემამოსილი ცოლი და ვერა სასწორი ვერ აწონის პატიოსან სულს.
- 16
როგორც ამომავალი მზეა უფლის ზესკნელში, ასევეა კარგი ცოლის სილამაზე მის გამართულ სახლში.
- 17
როგორც ანთებული სანთელი წმინდა სასანთლეში, ასევეა სახის მშვენება წარმოსადეგ ტანზე.
- 18
როგორც ოქროს სვეტები ვერცხლის კვარცხლბეკზე, ასევეა მშვენიერი ფეხები მტკიცე ტერფებზე.
- 19
ორ რამეზე იდარდა ჩემმა გულმა, მესამეზე კი რისხვამ იფეთქა: როცა მებრძოლი ვაჟკაცი გაჭირვებაშია, გონიერ ხალხს აბუჩად იგდებენ. სიმართლიდან ცოდვისაკენ მოქცეულს კი უფალი მახვილისათვის განამზადებს.
- 20
ძნელად რომ ვაჭარი ცდუნებას გაექცეს და მიკიტანმა ცოდვისაგან დაიხსნას თავი.