ზირაქი 25
- 1
სამით შევიმკე და წარვდექი გამშვენებული უფლისა და კაცთა წინაშე: ძმათა ერთსულოვნებით, მახლობელთა სიყვარულით და ცოლ-ქმართა თანხმობით.
- 2
სამი ჯურის კაცი შეიძულა ჩემმა სულმა და ძალზე შევიძულე მათი ცხოვრება: ქედმაღალი ღატაკი, მატყუარა, მდიდარი და მოხუცი მრუში, ჭკუანაკლული.
- 3
თუ სიჭაბუკეში ვერ შეაგროვე, როგორღა შეიძენ შენი სიბერის ჟამს.
- 4
რარიგ შეშვენით ხანდაზმულთ განკითხვა და მოხუცებულთ მოცემა რჩევისა!
- 5
რარიგ უხდება მოხუცებს სიბრძნე და დიდებულებს აზრი და რჩევა!
- 6
მოხუცთა გვირგვინია მრავალნაცადობა და მათი სიამაყე - უფლის შიში.
- 7
ცხრა ფიქრით დავიამე გული და მეათეს ენით ვიტყვი: კაცი, შვილებში გახარებული და თავის სიცოცხლეშივე მტერთა დაცემის მომსწრე.
- 8
ნეტარია, ვინც გონიერ ქალთან ცხოვრობს, ვინც არ შესცოდა ენით და თავისზე უღირსს არ ემსახურა.
- 9
ნეტარია, ვინც სიბრძნე მოიხვეჭა და მიუთხრობს მას ყურადმღებელთ.
- 10
ხომ დიდია სიბრძნის მომხვეჭელი, მაგრამ უფლის მოშიშზე დიდი არავინაა.
- 11
უფლის შიში ყოველივეს აღემატება; მის მქონებელს ვინ შეედრება?
- 12
ყოველგვარი ჭრილობა დაითმინება, მაგრამ არა ჭრილობა გულისა; ყოველი სიავე, მაგრამ არა სიავე ქალისა.
- 14
ყოველი თავდასხმა, ოღონდ არა თავდასხმა მოძულეთა, და ყოველი შურისძიება, ოღონდ არა შურისძიება მტერთა.
- 15
არ არსებობს თავი უფრო შხამიანი, ვიდრე თავი უხსენებლისა და არ არსებობს გულისწყრომა უფრო დიდი, ვიდრე გულისწყრომა მტრისა.
- 16
უმალ ლომთან და ურჩხულთან ერთად ვიცხოვრებდი, ვიდრე ავ ცოლთან.
- 17
სიავე ქალს გამომეტყველებას უცვლის და დათვის სახესავით უბნელებს სახეს.
- 18
მისი ქმარი დაჯდება მახლობელთა შორის და მოსმენისას მწარედ ამოიხვნეშებს.
- 19
ვერარა ბოროტება ვერ მოვა ქალის ბოროტებასთან - ცოდვილის ხვედრი დაატყდება მას.
- 20
რაღა მოხუცის ფეხებისთვის ქვიშიან აღმართზე სიარული და რაღა ანჩხლი ცოლი მშვიდი კაცისთვის.
- 21
ნუ უთვალთვალებ ქალის სილამაზეს და ქალისადმი ვნებას ნუ აყვები.
- 22
საწყრომია უპატიობა და დიდი სირცხვილი, როცა ცოლი ბატონობს ქმარზე.
- 23
დამდაბლებული გული, სევდიანი სახე და გულის ჭრილობაა ავი ცოლი; დაშვებული ხელები და დაუძლურებული მუხლები, თავის ქმარს რომ არ აბედნიერებს.
- 24
ქალისაგანაა სათავე ცოდვისა და მის გამო ვიხოცებით ყველანი.
- 25
ნუ მისცემ წყალს გასავალს და სიტყვის უფლებას ავ დედაკაცს.
- 26
თუ შენი ხელით ვერ წარმართე, მოიკვეთე იგი შენგან.