ზირაქი 24
- 1
სიბრძნე თავის თავს განადიდებს და თავის ხალხში შეიქება.
- 2
პირს გახსნის უზენაესის საკრებულოში და მისი მხედრობის წინაშე შეიქება.
- 3
მე გამოვედი უზენაესის პირიდან და ნისლივით დავფარე დედამიწა.
- 4
მაღალზე დავდგი ჩემი კარავი და ჩემი ტახტი სვეტზე ღრუბლისა.
- 5
მარტომ შემოვიარე ზეცის სიმრგვალე და მოვვლე სიღრმენი უფსკრულისა.
- 6
ზღვის ტალღებში მთელს დედამიწაზე ყოველი ხალხში და ტომში მოვიხვეჭე დოვლათი.
- 7
ყველა მათგანში ვეძებე განსვენება, ვის სამკვიდროებში დავბინავებულიყავი.
- 8
მაშინ მიბრძანა მე ყოველთა დამბადებელმა, ჩემმა შემქმნელმა, და საბოლოოდ განმიჩინა კარავი და მითხრა: იაკობში დაივანე და ისრაელში დამკვიდრდიო.
- 9
უწინარეს საუკუნისა, დასაბამითვე, შემქმნა მე და უკუნისამდე არ გავთავდები.
- 10
წმინდა კარავში ვიმსახურე მის წინაშე და სიონში ასე განვმტკიცდი.
- 11
ასევე თავის საყვარელ ქალაქში მომასვენა და იერუსალიმში იყო ჩემი ხელმწიფება.
- 12
გავიდგი ფესვი სახელგანთქმულ ხალხში, წილხვედრილში უფლისა, რომელიც დაიმკვიდრეს მათ.
- 13
ავმაღლდი, როგორც კედარი ლიბანში, და როგორც კვიპაროსი ჰერმონის მთებზე.
- 14
ავმაღლდი, როგორც ფინიკი ენგადში, და როგორც ბუჩქები ვარდისა იერიქონში, როგორც მშვენიერი ზეთისხილი ველზე და როგორც ჭადარი ავმაღლდი.
- 15
გამოვეცი კეთილსურნელება, როგორც დარიჩინმა და ასპალანთმა და როგორც რჩეულმა გუნდრუკმა ამო სურნელი მოვფინე, როგორც ხალბანმა, ონიქსმა და შტახსმა და როგორც საკმევლის კვამლმა კარავში.
- 16
გავშალე რტოები, როგორც ბელეკონმა და ჩემი რტოები დიდებისა და მადლის რტოებია.
- 17
მე წარმოვშვი მადლი, როგორც ვაზმა და ჩემი ყვავილები დიდებისა და დოვლათის ნაყოფია.
- 19
მოდით ჩემთან, მსურველნო ჩემნო, და გაძეხით ჩემი ნაყოფით.
- 20
რადგან ჩემი გახსენება თაფლზე უტკბესია და ჩემი დამკვიდრება გოლეულზე გემრიელია.
- 21
ჩემ მჭამელთ კიდევ მოშივდებათ და მსმელთა ჩემთა კიდევ მოსწყურდებათ.
- 22
მსმენელი ჩემი არ შერცხვება და ჩემით მუშაკნი არ შესცოდავენ.
- 23
ყოველივე ეს უზენაესი ღვთის აღთქმის წიგნია, რჯული, რომელიც მოსემ მემკვიდრეობად გვიანდერძა ჩვენ, იაკობის საკრებულოს.
- 25
ის ავსებს სიბრძნით, როგორც ფისონი და როგორც ტიგრისი მწიფობის დღეებში.
- 26
ის ავსებს გონებით, როგორც ევფრიტი და როგორც იორდანე მკის დღეებში.
- 27
ის ასხივებს მოძღვრებას, როგორც ნათელი და როგორც გეონი რთვლის დღეებში.
- 28
პირველმა ვერ შეიმეცნა იგი სრულად და ასევე ვერ ჩასწვდება მას უკანასკნელიც.
- 29
რადგან ზღვის უვრცესია მისი აზრი და მისი განგება უფსკრულზე ღრმაა.
- 30
მე კი, როგორც რუსხმული მდინარიდან და როგორც ნაკადული გავედი წალკოტში.
- 31
ვთქვი, მოვრწყავ-მეთქი ჩემს ბაღს და დავათრობ ჩემს კვლებს. და აჰა, რუსხმული ჩემი მდინარედ იქცა, მდინარე ჩემი კი - ზღვად.
- 32
კვლავ გამოვანათებ სწავლებას, როგორც განთიადს და შორს გავაბრწყინებ მას.
- 33
კვლავ გადმოვღვრი მოძღვრებას, როგორც ქადაგებას და დავუტოვებ მას თაობებს საუკუნოდ.
- 34
ხომ ხედავთ, მხოლოდ ჩემთვის როდი დავმშვრალვარ, არამედ ყოველი მძებნელისთვის.