ზირაქი 21
- 1
შვილო, შესცოდე? ნუღარ მიუმატებ, არამედ ადრინდელთა მიტევებისთვის ილოცე.
- 2
გაექეცი ცოდვას, როგორც უხსენებელს, რადგან, თუ ახლოს მიხვალ, გიკბენს. მისი კბილები ლომის კბილებია - ადამიანთა სულების მომაკვდინებელი.
- 3
ყოველი ურჯულოება ორლესული მახვილივითაა - მისი ნაჭრევი არ განიკურნება.
- 4
დაშინებით და ძალადობით სიმდიდრე ოხრდება, ასევე მოოხრდება ამპარტავნის სახლი.
- 5
ღატაკის ვედრება მისი პირიდან ღვთის ყურამდე აღწევს და სწრაფადვე მოდის მისი განაჩენი.
- 6
მხილების მოძულე ცოდვილის კვალზეა, ღვთის მოშიში კი გულით მოინანიებს.
- 7
ენით ძლიერი შორიდან შეიცნობა, მაგრამ გამჭრიახი ხედავს, სად წაიბორძიკებს იგი.
- 8
რაღა სხვისი ხარჯით თავისი სახლის მშენებელი და რაღა საკუთარი საფლავისთვის ქვების შემგროვებელი.
- 9
ურჯულოთა თავყრილობა ძენძის გროვაა და მათი აღსასრული ცეცხლის ალია.
- 10
ცოდვილთა გზა ქვებით არის მოკირწყლული, მაგრამ მის ბოლოში ჯოჯოხეთის უფსკრულია.
- 11
რჯულის დამცველი განაგებს თავის ფიქრებს და სიბრძნე უფლის შიშის განსრულებაა.
- 12
უნიჭო ვერ განისწავლება, მაგრამ ზოგჯერ ნიჭი სიმწარეს ამრავლებს.
- 13
ბრძენის ცოდნა წყალდიდობასავით იზრდება და მისი რჩევა სიცოცხლის წყაროა.
- 14
ბრიყვის გონება გატეხილ ჭურჭელს ჰგავს - ვერავითარ ცოდნას ვერ დაიჭერს.
- 15
გონიერი მოისმენს ბრძნულ სიტყვას, შეაქებს მას და თავადაც შეითვისებს; თავქარიანი მოისმენს, არ მოეწონება და ზურგს უკან მოისვრის.
- 16
ბრიყვის მონათხრობი ტვირთია გზაზე, გონიერის ბაგეებზე კი მადლი იპოვება.
- 17
ჭკვიანი კაცის პირს საკრებულოში დაუწყებენ ძებნას და მის სიტყვებს გულში ჩაითხრობენ.
- 18
რაღა დანგრეული სახლი და რაღა სიბრძნე ბრიყვთათვის; ცოდნა უგუნურისა უაზრო სიტყვებია.
- 19
უჭკუოსთვის წვრთნა ბორკილებია ფეხებზე და ჯაჭვი - მარჯვენა ხელზე.
- 20
ბრიყვი სიცილის დროს ხმას აიმაღლებს, ჭკვიანი კაცი კი წყნარად გაიღიმებს.
- 21
წვრთნა ჭკვიანისთვის ოქროს სამკაულია და ძვირფასი სალტე - მარჯვენა მკლავზე.
- 22
ბრიყვის ფეხები შინისკენ მიიჩქარის, მრავლისგანმცდელი კაცი კი კდემამოსილად შედგება მის წინ.
- 23
უგუნური სახლში კარებიდან იჭვრიტება, აღზრდილი კაცი კი გარეთ დადგება.
- 24
უზრდელობაა ადამიანისათვის კარებიდან მოსმენა, გონიერს კი შეაწუხებს ამგვარი ურცხვობა.
- 25
უგუნურთა ბაგენი ბევრს ლაპარაკობენ, გონიერთა სიტყვები კი სასწორზე იწონება.
- 26
ბრიყვთა გული მათ პირზეა, ბრძენთა პირი კი - მათ გულში.
- 27
სატანის წყევლისას უღვთო თავის სულს იწყევლის.
- 28
მაბეზღარა ბილწავს თავის სულს და მოძულებულია თავის სამეზობლოში.