ზირაქი 22
- 1
ჭუჭყიან ქვაბს ჰგავს ზარმაცი და ყველა უსტვენს მის უპატიობას.
- 2
ხარის ნეხვსა ჰგავს ზარმაცი; ყოველი მისი ამღები ხელს იფერთხავს.
- 3
მამის სირცხვილია უზრდელი ვაჟიშვილის ყოლა, ქალიშვილი საზარალოდ იბადება.
- 4
გონიერი ასული ქმარს შეიძენს, ურცხვი კი მშობლის დარდია.
- 5
უტიფარი ქალი არცხვენს მამასაც და ქმარსაც, და ორივესგან შეძულებული იქნება.
- 6
რაღა უდროო დროს ამბის მოყოლა და რაღა მხიარული ჰანგი ტირილის ჟამს; წკეპლით წვრთნა კი ყოველთვის სიბრძნეა.
- 9
რაღა ბრიყვის მასწავლებელი და რაღა ნამსხვრევების შემწებებელი, ან მძინარის გამღვიძებელი ღრმა ძილისაგან.
- 10
გინდა ბრიყვისთვის გიამბნია ამბავი, გინდა მთვლემარისთვის. ბოლოს იკითხავს, რა იყოო?
- 11
იტირე მკვდარი, რადგან მოკლებული აქვს ნათელი და იტირე ბრიყვიც, რადგან მოკლებული აქვს გონება; ნაკლებად იტირე მკვდარი, რადგან განისვენა, ბრიყვის სიცოცხლე კი სიკვდილზე უარესია.
- 12
მკვდარი შვიდ დღეს იგლოვე, ბრიყვი და უღვთო - ყოველდღე, სანამ ცოცხალია.
- 13
უგუნურთან ნუ მრავალსიტყვაობ და უმეცართან ნუ დადიხარ. მოერიდე, რათა უსიამოვნება არ შეგემთხვეს და არ წაიბილწო მასთან შეხლა-შემოხლისას. აარიდე მას თავი და სიმშვიდეს მოიპოვებ და აღარ შეგაწუხებს მისი უგუნურება.
- 14
რა არის ტყვიაზე მძიმე? და რა არის სახელი მისი, თუ არ ბრიყვი?
- 15
ქვიშის, მარილისა და რკინის ზოდის ზიდვა უფრო ადვილია, ვიდრე უგუნური კაცისა.
- 16
როგორც სახლის მტკიცედ შეკრული ხის სარტყელი მიწის ძვრისას არ დაირღვევა, ასევე გული, დაყრდნობილი გონივრულ რჩევაზე, არ შედრკება საფრთხეში.
- 17
გონივრულ განსჯაზე დაფუძნებული გული ჩუქურთმაა გლუვ კედელზე.
- 18
როგორც მაღალი საბჯენები ვერ გაუძლებს ქარს, ასევე მხდალი გული უგუნური განსჯისას ვერ გაუძლებს შიშს.
- 19
დაჭრილი თვალი ცრემლებს გადმოღვრის, დაჭრილი გული კი გრძნობებს წარმოაჩენს.
- 20
ფრინველებს დააფრთხობს გასროლილი ქვა და მეგობრის მაგინებელი დაარღვევს მეგობრობას.
- 21
თუკი მეგობარზე იშიშვლე მახვილი, იმედს ნუ დაკარგავ, შეგიძლია უკან ჩააგო.
- 22
თუ მეგობრის წინააღმდეგ პირი გახსენი, ნუ გეშინია, რადგან შეგიძლია შეურიგდე. მხოლოდ ძაგება, ქედმაღლობა, საიდუმლოს გამჟღავნება და მზაკვრული ქცევა განდევნის ყველა მეგობარს.
- 23
მახლობლის ნდობა მის სიღატაკეში მოიპოვე, რათა მასთან ერთად იშვებდე მის კეთილდღეობაში. მასთან დარჩი გასაჭირის ჟამს, რათა მის მემკვიდრეობაში წილი დაიდო.
- 24
ცეცხლის გაჩენამდე ღუმელში ალმური და კვამლია, ასევე სისხლის დაღვრამდე - ლანძღვა-გინება.
- 25
მეგობრის დაცვისა არ შემრცხვება და მის წინაშე არ დავიმალები.
- 26
თუკი მის გამო ბოროტება შემემთხვევა, ყველა, ვინც გაიგებს, მოერიდება მას.
- 27
ნეტავ ეყენოს მცველი ჩემს პირს და ესვას გონიერების ბეჭედი ჩემს ბაგეებს, რათა მათგან არ დავეცე და არ დამღუპოს ჩემმა ენამ.