ზირაქი 20
- 1
ზოგჯერ მხილება უდროოა და ზოგჯერ, ვინც დუმს, ის არის გონიერი.
- 2
მხილება სჯობს ლიტონ გულისწყრომას.
- 3
რადგან ნაკლში მხილებული თავს შეიკავებს.
- 4
რაღა საჭურისისგან ქალწულის გაუპატიურების მცდელობა და რაღა განაჩენის ძალით გამოტანა.
- 5
ზოგის მდუმარებაში სიბრძნე ჩანს, ზოგი კი საძულველია ბევრი ლაყბობის გამო.
- 6
ზოგი დუმს, რადგან პასუხი არა აქვს, ზოგი კი იმიტომ დუმს, რომ დროს უყურებს.
- 7
ბრძენი კაცი დრომდე ჩუმად იქნება, მკვეხარა და უგუნური კი დროს არ მოუცდის.
- 8
სიტყვამრავალს შეიძაგებენ და ძალად მოლაპარაკე შეძულებული იქნება.
- 9
ზოგჯერ წარმატება კაცის საზიანოდ არის, ზოგჯერ ზარალიც შენაძენია.
- 10
ზოგიერთი საჩუქარი სარგებლობას ვერ მოგიტანს, ზოგიერთი საჩუქარი კი ორმაგად ანაზღაურდება.
- 11
ზოგჯერ დამცირებას დიდება მოაქვს და კაცი სიმდაბლისგან თავს მაღლა ასწევს.
- 12
ზოგი მცირეთი ბევრს ყიდულობს, ზოგი კი მცირედისთვის შვიდმაგად გადაიხდის.
- 13
ბრძენი ლაპარაკით აყვარებს თავს, სულელთა მადლი კი ფუჭად იკარგება.
- 14
უგუნურის წყალობა არას გარგებს, რადგან ერთის ნაცვლად ბევრი თვალი აქვს:
- 15
ცოტას მოგცემს და მრავალჯერ დაგაყვედრის, გზირივით ექნება პირი დაღებული; დღეს რომ გაასესხებს, ხვალ უკან ითხოვს. საძულველია ამგვარი კაცი.
- 16
სულელი ამბობს: არ მყავს მეგობარი და არც მადლიერია ვინმე ჩემი სიკეთისათვის;
- 17
ჩემი პურის მჭამელნი ავსიტყვაობენო. რამდენი დასცინებს მას და რა ხშირადაც!
- 18
სჯობს მიწაზე დაცურდეს ფეხი, ვიდრე ენაზე. ამგვარად ჩქარა მოაწევს ბოროტთა დაცემა.
- 19
უმადლო კაცი უდროო არაკია, მუდამ პირზე რომ აკერიათ უმეცართ.
- 20
სულელის პირით თქმული იგავი უარსაყოფია, რადგან თავის დროზე არ ამბობს მას.
- 21
ცოდვისაგან ზოგი გაჭირვების გამო თავს იკავებს და, სულს რომ მოითქვამს, აღარ ინანებს.
- 22
ზოგი მორცხვობით იღუპავს თავს, ზოგი კი ბრიყვული გამომეტყველებით.
- 23
ზოგი სირცხვილის გამო ჰპირდება მეგობარს და ტყუილუბრალოდ იკიდებს მტრად.
- 24
სიცრუე ადამიანში ბოროტი ლაქაა, უმეცრებს მუდამ პირზე აკერიათ.
- 25
ქურდი სჯობია სულმუდამ ცრუმეტყველს, თუმცა ერთსაც და მეორესაც წარწყმედა ელის.
- 26
ცრუ კაცს თავისი საქციელი არცხვენს და სირცხვილი მისი მასთანაა საუკუნოდ.
- 27
ბრძენი სიტყვებით გამოაჩენს თავს და გონიერი კაცი დიდებულებს მოეწონებათ.
- 28
მიწათმოქმედი თავის ზვინს აამაღლებს და დიდებულთა მაამებელს უკანონობაც ეპატიება.
- 29
ძღვენი და საბოძვარი ბრძენთაც კი უბრმავებენ თვალებს და პირში ამოდებული ლაგამივით დააბრკოლებენ მხილებაში.
- 30
დაფარული სიბრძნე და უჩინარი განძი - ვის რაში არგია ან ერთი ან მეორე?
- 31
სჯობს კაცი, თავისი სიბრიყვის დამფარველი, კაცს, რომელიც თავის სიბრძნეს ფარავს.