ზირაქი 19
- 1
ლოთი მუშა ვერ გამდიდრდება და მცირეთა არად ჩამგდები თანდათან დაკნინდება.
- 2
ღვინო და ქალები აუკუღმართებს გონიერთ და მეძავებთან საქმის დამჭერი მეტისმეტად თავაშვებულია.
- 3
მღილი და მატლი დაეუფლებიან მას და თავაშვებული სული წარიწყმიდება.
- 4
მალემრწმენი ჭკუამსუბუქია და ვინც სცოდავს, საკუთარ თავს ვნებს.
- 5
გულისთქმას აყოლილს მსჯავრი დაედება, ვნებათა წინააღმდგომი სიცოცხლეს დაიგვირგვინებს.
- 6
ენის მომთოკავი უშუღლოდ იცხოვრებს და ლაყბობის მოძულე ბოროტს აიცილებს.
- 7
ნურასოდეს გაიმეორებ სიტყვას და არასოდეს არაფერი დაგეკარგება.
- 8
ნურც მეგობარს და ნურც მტერს ნუ ეტყვი და, თუ შენთვის ცოდვა არ არის, ნუ გაამჟღავნებ.
- 9
რადგან მოგისმენს ვინმე და დაგიდარაჯდება, გავა დრო და შეგიძულებს.
- 10
მოისმინე სიტყვა? მოკვდეს შენთან ერთად. ნუ გეშინია, არ აგაფეთქებს.
- 11
სულელს ისე ატკივებს სიტყვა, როგორც მშობიარეს შობადი ჩვილი.
- 12
რაღა ბარძაყში გარჭობილი ისარი და რაღა სიტყვა სულელის გულში.
- 13
ჰკითხე მეგობარს, იქნებ მას არ ჩაუდენია; და თუ ჩაიდინა, მომავალში ნუღარ ჩაიდენს.
- 14
ჰკითხე მახლობელს, იქნებ არ უთქვამს და თუ თქვა, ნუღარ გაიმეორებს.
- 15
ჰკითხე მეგობარს, რადგან ხშირად იბადება ცილისწამება, და ყველა სიტყვას ნუ ირწმუნებ.
- 16
ზოგი სცოდავს, მაგრამ არა სულით, ენით კი ვის არ შეუცოდავს?
- 17
ჰკითხე შენს მახლობელს, ვიდრე დაემუქრებოდე, და უზენაესის განგებას გზა მიეცი.
- 20
ყოველი სიბრძნე უფლის შიშია და ყოველ სიბრძნეში კანონის აღსრულებაა.
- 22
ბოროტის ცოდნა არაა სიბრძნე და არც გონიერებაა იქ, სადაც ცოდვილნი ბჭობენ.
- 23
არის სიჭკვიანე, რომელიც სისაძაგლეა, და არის ბრიყვი, რომელსაც მხოლოდ სიბრძნე აკლია.
- 24
ჭკუანაკლი, მაგრამ ღვთისმოშიში სჯობს დიდად გაბრძნობილს, მაგრამ რჯულის დამრღვევს.
- 25
რაღა საფუძვლიანი, მაგრამ უსამართლო სიჭკვიანე, და რაღა მადლის წახდენა განაჩენის გამოტანისას.
- 26
არის ცბიერი, მწუხარებით თავჩაქინდრული, მაგრამ შიგნით სავსეა ვერაგობით.
- 27
სახეს მალავს და მოიყრუებს, მაგრამ სადაც არ ელი, იქ მიგასწრებს.
- 28
თუ კაცი შეუძლებლობის მიზეზით ვერ სცოდავს, დროს იპოვნის და ბოროტებას მაინც ჩაიდენს.
- 29
კაცი გარეგნობით იცნობა, ხოლო გონიერი - სახის გამომეტყველებით შეხვედრისას.
- 30
სამოსელი, სიცილი და სიარული ამხელს ადამიანს.