ზირაქი 18
- 1
ვინც ცოცხლობს საუკუნოდ, მთელი სამყარო მან შექმნა.
- 2
მხოლოდ უფალი შეირაცხება მართალად.
- 3
არავის აცხადებინებს თავის საქმეებს და მის დიდებულ ნამოქმედართ ვინ გამოიკვლევს?
- 5
მისი სიდიადის ძალას ვინ გაზომავს? და ვინ მოსთვლის მის მოწყალებებს?
- 6
მისი არც დაკლება იქნება და არც გაზრდა, უფლის საკვირველებანი გამოუკვლეველია.
- 7
როცა კაცი დაასრულებს, მაშინ იწყებს ის და, როცა შეწყვეტს, მაშინ მოისაკლისებს ის.
- 8
რაა კაცი და რა სარგებლობა აქვს? რა არის სიკეთე მისი და რა არის ბოროტება მისი?
- 9
ადამიანის დღეთა რიცხვი თითქოს ბევრია - ასი წელი.
- 10
მაგრამ როგორც ზღვაში წყლის წვეთი და ქვიშის მარცვალი, ასევე მცირეა მარადისობისთვის მისი წლები.
- 11
ამიტომაც სულგრძელია უფალი მათ მიმართ და მიაფენს მათზე თავის წყალობას.
- 12
ხედავს და იცის, რომ სავალალოა მათი აღსასრული, ამიტომაც გაამრავლა თავისი წყალობა.
- 13
გულმოწყალება კაცისა მისი მახლობლისკენაა, უფლის მოწყალება კი - ყოველი ხორციელისკენ. ამხელს, წვრთნის და ასწავლის, და მოაქცევს, როგორც მწყემსი, თავის სამწყსოს.
- 14
შეიწყალებს მათ, ვინც მის შეგონებას შეიწყნარებს და იმათაც, ვინც მის კანონებს ეშურებიან.
- 15
შვილო, ქველმოქმედებისას საყვედურს ნუ იტყვი და ყოველი გაცემისას გულსატკენ სიტყვას.
- 16
განა სიცხეს ცვარი არ აგრილებს? ასევე მოწყალებას სჯობია სიტყვა.
- 17
ლამაზ საჩუქარს ხომ აღემატება სიტყვა? მადლიან კაცს კი ორივე ექნება.
- 18
უგუნური უმადურად აყვედრის და საჩუქარი შურიანისა თვალებს შრეტს.
- 19
ვიდრე ალაპარაკდებოდე, მოიფიქრე და, ვიდრე დასნეულდებოდე, სიმრთელეს მიხედე.
- 20
გასამართლებამდე გაჩხრიკე შენი თავი და განკითხვისას იპოვი შეწყალებას.
- 21
ვიდრე დაუძლურდებოდე, მოთრგუნე თავი და ცოდვის ზღვარზე უკან მოიქეცი.
- 22
ნუ დაბრკოლდები აღთქმის დროზე შესასრულებლად და მის განაღდებას სიკვდილამდე ნუ გადასდებ.
- 23
ლოცვის დაწყებამდე მოამზადე თავი და უფლის გამომცდელივით ნუ იქნები.
- 24
გახსოვდეს რისხვა აღსასრულის დღეს და ჟამი შურისგებისა, როცა უფალი პირს მიიბრუნებს.
- 25
სიმაძღრისას შიმშილობის ჟამი გახსოვდეს, გამდიდრებისას კი - სიღატაკე და გაჭირვება.
- 26
განთიადიდან საღამომდე იცვლება ჟამი და ყოველივე სწრაფწარმავალია წინაშე უფლისა.
- 27
ბრძენი კაცი ყოველთვის ფრთხილად იქნება და ცოდვათა დღეებში შეცდომას მოერიდება.
- 28
ყოველი გონიერი შეიცნობს სიბრძნეს და მის მპოვნელსაც ხოტბას შეასხამს.
- 29
სიტყვებში გაწაფულნი თავადაც დაბრძენდნენ და გადმოღვარეს ბრძნული იგავები.
- 30
ნუ აჰყვები შენს გულისთქმათ და სურვილებისაგან თავი შეიკავე.
- 31
თუ სულს ვნებებისკენ წარუძღვები, მტრების გასართობად გაგხდიან.
- 32
ნუ ილხენ დიდი ფუფუნებით და არიფანებს ნუ გადაყვები.
- 33
არ გაგაღატაკოს სესხით გამართულმა ნადიმებმა, როდესაც ქისა ცარიელი გაქვს.