ზირაქი 17
- 1
უფალმა მიწისაგან შექმნა ადამიანი და კვლავ მასვე დაუბრუნა იგი.
- 2
განსაზღვრული დღეები და ჟამი მისცა მათ და უბოძა ხელმწიფება მიწიერებზე.
- 3
მათი ბუნებისდა მიხედვით შემოსა ძალით და თავის ხატად შექმნა ისინი.
- 4
ჩაუნერგა მისი შიში ყოველ ხორციელს, რათა ემეუფა ცხოველებზე და ფრინველებზე.
- 6
მისცა მათ აზრი, ენა და თვალები, ყურები და გული, რათა შეეცნოთ ისინი.
- 7
აღავსო ისინი ცოდნითა და სწავლით და აჩვენა მათ კეთილი და ბოროტი.
- 8
დაადგა თვალი მათ გულებს და თავის საქმეთა სიდიადე უჩვენა მათ.
- 10
რათა ადიდონ წმიდის სახელი და მისი საქმეების სიდიადეზე მოუთხრონ.
- 11
წინ დაუდვა მათ ცოდნა და ცხოვრების წესი დაუმკვიდრა.
- 12
საუკუნო აღთქმა დადო მათთან და უჩვენა თავისი სასჯელები.
- 13
დიდების სიდიადე იხილეს მათმა თვალებმა და დიდებულება მისი ხმისა გაიგონეს მათმა ყურებმა.
- 14
უთხრა მათ: ერიდეთ ყოველგვარ უსამართლობას, და ამცნო თითოეულს მოვალეობა მოყვასის მიმართ.
- 15
მათი გზები მარადის მის წინაშეა და ვერ დაემალებიან მის თვალებს.
- 17
ყოველ ხალხს დაუდგინა წინამძღოლი, უფლის ხვედრი კი ისრაელია.
- 19
მათი ყველა საქმე მზესავით მის წინაშეა და მარადის მათ გზებზეა მისი თვალები.
- 20
არ არის დაფარული მისთვის მათი უსამართლობანი და ყოველი მათი ცოდვა უფლის წინაშე.
- 22
როგორც ბეჭედი, მასთანაა კაცის შეწყალება და, როგორც თვალის გუგას, დაიცავს ადამიანის მადლს.
- 23
შემდგომად ამისა აღდგება იგი, სამაგიეროს მიუზღავს მათ და მათ მიერ გაცემულს მათსავე თავზე მოაქცევს.
- 24
ხოლო რომელნიც ინანიებენ, მიუტევებს და გაამხნევებს მათ, რომელთაც მოაკლდათ დათმენის ღონე.
- 25
მოიქეცი უფლისაკენ და ცოდვები მიატოვე, ევედრე მას და უკელი შეცოდებებს.
- 26
ამაღლდი უზენაესისკენ, უსამართლობას განშორდი და ძლიერ შეიძულე სისაძაგლე.
- 27
ვინ განადიდებს უფალს ჯოჯოხეთში, თუ არა ცოცხალნი და ქების შემსხმელნი.
- 28
მკვიდრისგან, როგორც არარსებულისგან, შემწყდარია ქების შესხმა. მხოლოდ ცოცხალი და მრთელი განადიდებს უფალს.
- 29
რა დიდია უფლის მოწყალება და პატიება მისკენ მიქცეულთა!
- 30
ყოველივე როდია ადამიანებში, რადგან არ არის უკვდავი ძე კაცისა.
- 31
რა არის მზეზე ნათელი? მაგრამ ისიც ბნელდება; ასევე ბოროტს განიზრახავს ხორცი და სისხლი.
- 32
ცის მაღალთა ძალებს ის განაგებს; ყოველი კაცი კი მტვერი და ფერფლია.