ზირაქი 16
- 1
უვარგის შვილთა სიმრავლეს ნუ ისურვებ, და ნურც ურჯულო ვაჟებით ხარობ.
- 2
მათი გამრავლება ნუ გაგახარებს, რადგან არა აქვთ შიში უფლისა.
- 3
არ ირწმუნო მათი სიცოცხლე და ნუ დაენდობი მათ სიმრავლეს, რადგან ზოგჯერ ერთი სჯობს ათასს და უშვილოდ გადაგება - ურჯულო შვილთა ყოლას.
- 4
რადგან ერთი გონიერისაგან ქალაქი აშენდება, ურჯულოთა ტომი კი მოოხრდება.
- 5
მრავალი ამგვარი რამ იხილეს ჩემმა თვალებმა და ამაზე უარესი მოუსმენიათ ჩემს ყურებს.
- 6
ცოდვილთა საკრებულოში ცეცხლი გაჩაღდება, ურჩ ხალხში კი რისხვა აინთება.
- 7
არ შეიწყალა ძველი ბუმბერაზები, რომელნიც თავიანთი ძალის იმედად განუდგნენ მას.
- 8
არ დაინდო ლოთის სახლეულიც, რომელიც მოიძულა მისი ამპარტავნობისთვის.
- 9
არ შეიწყალა წარწყმედილი ხალხი, რომელიც მედიდურობდა თავისი ცოდვებით.
- 10
ისევე, როგორც ექვსასი ათასი კაცი, გულქვაობამ რომ შეკრიბა ერთად.
- 11
თუნდაც ერთი იყოს ქედფიცხელი, მაინც საკვირველი იქნება დაუსჯელი რომ დარჩეს, რადგან წყალობაცა და რისხვაც უფალთანაა, და შეწყალებაც ხელეწიფება და რისხვის გადმოღვრაც.
- 12
რამდენადაც დიდია მისი წყალობა, იმდენად დიდია მხილება მისგან და კაცს მისი საქმეების მიხედვით განსჯის.
- 13
ვერ გაექცევა მას ცოდვილი ნაძარცვით და მოთმინება კეთილმორწმუნეთა ამაო როდია.
- 14
ადგილს მიუჩენს ყოველ მოწყალებას და თითოეული თავის საქმეთა მიხედვით მიიღებს.
- 17
ნუ იტყვი, დავემალები უფალს და სიმაღლიდან ვინ გამიხსენებსო? ვერც კი შემამჩნევსო ხალხის სიმრავლეში, რადგან რა არის ჩემი სული ზღვარდაუდებელ სამყაროში?
- 18
აჰა, ზეცა და ზეცა ზეცისა, უფსკრული და მიწა, ირყევიან მისი მზერის ქვეშ;
- 19
მთანიცა და საფუძველიც დედამიწისა ერთნაირად ირყევა ძრწოლით, როცა მათ მოხედავს.
- 20
ეს ვერ გაუგია გულს და მის გზებს ვინ მოიაზრებს?
- 21
როგორც ქარი, რომელსაც ადამიანი ვერ ხედავს, ასევე მისი საქმეების უმრავლესობაც დაფარულია.
- 22
ვინ მოგვითხროს საქმენი მისი სამართლიანობისა? ან ვინ დაელოდება მათ? რადგან შორსაა აღთქმა.
- 23
ამგვარად განსჯის გულით ღატაკი და უგუნური და ცდუნებული კაციც ამგვარად ფიქრობს.
- 24
ყური დამიგდე მე, შვილო, და ისწავლე სიბრძნე და ჩემი სიტყვები გულით შეისმინე.
- 25
აწონილად გამოვაჩენ სწავლას და ზედმიწევნით გავაცხადებ ცოდნას.
- 26
დასაბამითვეა მისი საქმეები და როცა შექმნა ისინი, დაჰყო ნაწილებად.
- 27
საუკუნოდ მოაწესრიგა თავისი საქმენი და მათი ხელმწიფება თაობათა მიმართ. არც სწყურიათ და არც იღლებიან, არც სწყვეტენ თავის მოქმედებას.
- 28
არ ავიწროებენ ერთმანეთს და არასოდეს ეურჩებიან უფლის სიტყვას.
- 29
შემდგომ ამისა უფალმა მიწას გადმოხედა და აღავსო იგი თავისი სიკეთით.
- 30
ყოველი ცხოველის სულმა დაფარა მისი პირი და მისკენ მიიქცევა ყოველივე.