ზირაქი 15
- 1
უფლის მოშიში ასე მოიქცევა და მტკიცე რჯულით მოიხვეჭს მას.
- 2
დედასავით მიეგებება მას და სიჭაბუკის ცოლივით მიიღებს.
- 3
გამოკვებავს მას გონების პურით და სიბრძნის წყაროს შეასმევს.
- 4
მისით განმტკიცდება და აღარ შეირყევა, მიეკვრება მას და აღარ შერცხვება.
- 5
აამაღლებს მის მახლობლებზე და გაუხსნის ბაგეს შეკრებილთა შორის.
- 6
სიხარულისა და შვების გვირგვინს აპოვნინებს და საუკუნო სახელს დაუმკვიდრებს.
- 7
ვერ მისწვდებიან მას უგუნურნი და ვერც ცოდვილნი იხილავენ.
- 8
შორსაა იგი ამპარტავანთაგან და ცრუნი ვერ შეიცნობენ.
- 9
უამურია ქება ცოდვილის პირით, რადგან უფლისაგან როდია მოვლენილი.
- 10
რადგან ქება სიბრძნით ითქმის და უფალი კეთილად წარმართავს მას.
- 11
ნუ იტყვი, უფლის განგებით განვდექიო, რადგან ის თავის საძულველს არ გააკეთებს.
- 12
ნუ იტყვი ღმერთმა შემაცდინაო, რადგან არ სჭირდება მას ცოდვილი კაცი.
- 13
ყოველივე სისაძაგლე შეიძულა უფალმა და არც მისთა მოშიშთა უნდა უყვარდეთ.
- 14
მან დასაბამიდანვე შექმნა ადამიანი და მისი ხელის ანაბარა დატოვა.
- 15
თუ მოისურვებ, დაიცავ მცნებებს და კეთილი რწმენით მოიქცევი.
- 16
მან დაგიდო წინ ცეცხლი და წყალი და, საითკენაც გენებოს, იქით გაიწოდე ხელი.
- 17
ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და, რომელსაც მოისურვებს ის მიეცემა.
- 18
რადგან დიდია სიბრძნე უფლისა, ძლიერია მისი მეუფება და ყოველივეს ხედავს.
- 19
მისი თვალი მოშიშებს დაჰყურებს და იცის მან ყოველი საქმე კაცისა.
- 20
ურჯულოება არავისთვის დაუდგენია მას მცნებად და არც არავისთვის მიუცია უფლება ცოდვის ჩადენისა.