ზირაქი 14
- 1
ნეტარია კაცი რომელმაც არ შესცოდა თავისი პირით და ცოდვის სევდამ არ დაამწუხრა.
- 2
ნეტარია, ვისაც არ არცხვენს თავისი სული და ვისაც არ დაუკარგავს სასოება.
- 3
ძუნწი კაცისათვის სიმდიდრე არ არის სიკეთე; რად უნდა ქონება ბოროტ ადამიანს?
- 4
ვინც თავის სულს აკლებს და ისე აგროვებს, სხვებისთვის აგროვებს და მისი საუნჯით სხვანი დატკბებიან.
- 5
საკუთარი თავისთვის ბოროტი ვისთვისღა იქნება კეთილი? ვერ გაიხარებს თავისი ქონებით.
- 6
საკუთარი თავისთვის ბოროტისმყოფელზე უკეთური არავინაა; ესაა საზღაური მისი ბოროტებისათვის.
- 7
თუკი სიკეთეს აკეთებს, გულმავიწყობით აკეთებს და ბოლოს გამოამზეურებს თავის ბოროტებას.
- 8
უკეთურია, ვისაც შურიანი თვალი აქვს, პირს აბრუნებს და სძულს ადამიანები.
- 9
თვალი ანგარებისმოყვარისა ვერ ძღება რაიმე წილით; ბოროტის უსამართლობა სულს აჭკნობს.
- 10
უკეთური თვალი პურზეც მოშურნეობს და მისი სუფრა მუდამ მწირია.
- 11
შვილო, შეძლებისამებრ კეთილი უყავი შენს თავს და უფალსაც ღირსეულად მიართვი ძღვენი.
- 12
გახსოვდეს,რომ სიკვდილი არ დააყოვნებს და ჯოჯოხეთის აღთქმა არ გამოგცხადებია.
- 13
ვიდრე აღესრულები, სიკეთე უყავი მეგობარს, გაუწოდე ხელი და შეძლებისამებრ მიეცი მას.
- 14
ნუ მოიკლებ სიკეთის დღეს და წილი კეთილი ნატვრისა გვერდს არ აგივლის.
- 15
განა გასაყოფად სხვას არ დაუტოვებ შენს მონაგარს და ნაჯაფარს - წილის საყრელად?
- 16
გაეცი და მიიღე, და ანუგეშე სული შენი, რადგან ჯოჯოხეთში ვეღარ იპოვი სიამეს.
- 17
ყოველი ხორციელი ძველდება სამოსელივით, რადგან დასაბამიდან გადაწყვეტილია; სიკვდილით მოკვდები.
- 18
როგორც მწვანე ფოთლებით დაბურული ხიდან ერთი ვარდება, ხოლო მეორე იშლება, ასევეა მოდგმა ხორცისა და სისხლისა: ერთი აღესრულება, მეორე კი იბადება.
- 19
ყოველი ნაკეთობა ხრწნადია და ქრება, მასთან ერთად კვდება მისი შემქმნელიც.
- 20
ნეტარია კაცი, რომელიც სიბრძნეს ეწაფება და ვინც თავისი გონიერებით მსჯელობს.
- 21
ვინც თავის გულში მის გზებს მოიაზრებს, იგი შეიცნობს მის იდუმალებებს.
- 22
მისდიე უკან მდევარივით და გზებზე ჩაუსაფრდი.
- 23
ვინც მის სარკმელში შეიხედავს, ის მის კარებთანაც მოისმენს.
- 24
ვინც მისი სახლის მახლობლად დაივანებს, ის ჩააჭედებს ლურსმანს მის კედლებში.
- 25
მის ახლოს აღმართავს თავის კარავს და კეთილ სავანეში განისვენებს.
- 26
მის ჭერქვეშ დასვამს თავის შვილებს და მის რტოებქვეშ დაიმკვიდრებს.
- 27
მისით დაიფარავს თავს სიცხისაგან და მის დიდებაში იცხოვრებს.