ზირაქი 13
- 1
ვინც ფისს შეეხება, გაისვრება და ვინც ამპარტავანს დაუახლოვდება, მას დაემსგავსება.
- 2
ნუ ასწევ ტვირთს, შენს ძალღონეზე აღმატებულს და შენზე ძლიერსა და მდიდარს ნუ დაუახლოვდები. რა გაუვა თიხის ქოთანს სპილენძის ქვაბთან? დაეჯახება ქოთანი და თავად გატყდება.
- 3
მდიდარმა უსამართლობა ჩაიდინა და თვითონვე იმუქრება; გლახაკი შეურაცხყვეს და თავად ივედრება შეწყალებას.
- 4
თუკი დასჭირდები, გამოგიყენებს, თუ გაგიჭირდა, მიგატოვებს.
- 5
თუ რამ გექნება, შენთან იცხოვრებს, დაგახარჯვინებს და თვითონ კი თავს არ შეიწუხებს.
- 6
თუ რამე გიჭირს, მოგატყუებს, გაგიცინებს და იმედს მოგცემს, ალერსიან საუბარს გაგიბამს და გკითხავს, ხომ არაფერი გიჭირსო?
- 7
შეგარცხვენს შენ თავისი გამასპინძლებით, ვიდრე ორჯერ ან სამჯერ არ გაგძარცვავს და საბოლოოდ არ იცინებს შენზე. შემდგომად ამისა, თუ დაგინახა, მოგერიდება და მხოლოდ თავსღა დაგიქნევს.
- 8
უფრთხილდი, რომ არ შეცდე და არ დამდაბლდე შენი სიბრიყვით.
- 9
როცა ძლიერი მიგიხმობს, თავი აარიდე და უფრო მიგიწვევს.
- 10
თავს ნუ მოაბეზრებ, რათა არ მოგიშოროს, და ნურც მეტისმეტად განუდგები, რომ არ დაავიწყდე.
- 11
ნუ მისცემ თავს ნებას ესაუბრო, როგორც თანასწორს, და მის მრავალსიტყვაობას ნუ მიენდობი, რადგან გრძელი საუბრით შეგაცდენს და თითქოსდა ხუმრობით გამოგცდის.
- 12
შეუბრალებელია საკუთარი თავის მიმართ, ვინც არ ურთხილდება სიტყვებს, თავს ვერ დაიცავს სიავისა და ბორკილებისგან.
- 13
გაუფრთხილდი და გულისყურით იყავი, რადგან საკუთარ უბედურებასთან ერთად დააბიჯებ.
- 15
ყველა ცხოველს უყვარს თავისი მსგავსი და ყოველ კაცს - თავისი მახლობელი.
- 16
ყოველი ხორციელი თავ-თავისი მოდგმის მიხედვით ერთიანდება და ადამიანიც თავისივე მსგავსისაკენ მიისწრაფვის.
- 17
რა აქვს საერთო მგელს კრავთან? ასევე ცოდვილს ღვთისმოსავთან?
- 18
რა მშვიდობა იქნება აფთარსა და ძაღლს შორის? რა მშვიდობა იქნება მდიდარსა და გლახაკს შორის?
- 19
ლომების სანადირო - გარეული ვირებია უდაბნოში, ასევე გლახაკნი საძოვარია მდიდართათვის.
- 20
საძულველია თავმდაბლობა ამპარტავნისათვის, ასევე საძულველია მდიდრისათვის ღარიბი.
- 21
მდიდარმა თუ წაიბორძიკა, მეგობრები შეაშველებენ ხელს, დაცემულ გლახაკს კი მეგობრებიც მიატოვებენ.
- 22
გასაჭირში ჩავარდნილ მდიდარს მრავალი შემწე ჰყავს; აბადაუბდას იტყვის და გაამართლებენ. გლახაკს გაუჭირდება და შერისხავენ; ბრძნულად იტყვის და ყურსაც არ ათხოვებენ.
- 23
მდიდარი ამოიღებს ხმას და ყველა დადუმდება; მის სიტყვას ღრუბლებამდე ასწევენ. გლახაკი ამოიღებს ხმას და იტყვიან: ეს ვინღა არისო? თუ წაიბორძიკებს, ზურგს შეაქცევენ.
- 24
კარგია სიმდიდრე, რომელსაც არ ურევია ცოდვა, სიგლახაკე ბოროტებაა უწმინდურის პირში.
- 25
კაცის გული სახეს შეუცვლის მას - ან სიკეთისკენ, ან ბოროტებისკენ.
- 26
გულის ნიშანი ბედნიერების ჟამს მხიარული სახეა და მძიმე ფიქრები იგავთა მთხზველია.