სიბრძნე სოლომონისა 7
- 1
მეც მოკვდავი კაცი ვარ, ყველას მსგავსი, პირველნასახი მიწიერის შთამომავალი და ხორცი, დედის მუცელში გამოძერწილი,
- 2
სისხლით შენივთული ათი თვის მანძილზე მამაკაცის თესლისა და ძილის თანმხლები ტკბობისაგან;
- 3
ვიშვი და მეც შევისუნთქე საერთო ჰაერი და, დავარდნილს მშობელ მიწაზე, როგორც ყველას, მეც პირველად ტირილის ხმა აღმომხდა;
- 4
რუდუნებით ვიზრდებოდი ჩვრებში გახვეული;
- 5
არც მეფეთაგან ჰქონია ვისმე არსებობის სხვაგვარი დასაბამი.
- 6
რადგან ერთია ყველასთვის ცხოვრებაში შემოსვლა, და ყველასათვის მსგავსია გასვლაც.
- 7
ამიტომ შევევედრე და მომცა მე გონება, მოვუხმე და გადმოვიდა ჩემზე სიბრძნის სული.
- 8
კვერთხსა და ტახტს ვამჯობინე იგი და სიმდიდრეც არად ჩავაგდე მასთან შედარებით.
- 9
მას ვერც პატიოსანი თვალი შევადარე, რადგან ყოველი ოქრო მის თვალში ქვიშის ნამცეცია; ვერცხლი კი ტალახად შეირაცხება მის წინაშე.
- 10
ჯანის სიმრთელეზე და სილამაზეზე მეტად შევიყვარე და შუქსაც ვამჯობინე, რადგან ჩაუქრობელია მისი ნათელი.
- 11
ყოველი სიკეთე მასთან ერთად მოვიდა ჩემთან და მის ხელშია ყოველი სიმდიდრე.
- 12
ეს ყველაფერი მახარებდა, რადგან მათ სიბრძნე მოუძღოდა, თუმცა არ ვიცოდი, რომ ის იყო მათი მშობელი.
- 13
უზაკველად ვისწავლე და უშურველად გავცემ, როდი დავმალავ მის სიმდიდრეს.
- 14
რადგან ის ამოურწყავი საგანძურია კაცთათვის და მისი მომხვეჭელნი ღმერთს უმოყვრდებიან განსწავლის ნიჭის წყალობით.
- 15
მომმადლოს მე ღმერთმა გონივრული განსჯა და ღირსეულად ფიქრი მონიჭებულზე, რადგან იგია წინამძღვარი სიბრძნისა და ბრძენთა წარმმართველი.
- 16
რადგან მის ხელში ვართ ჩვენცა და ჩვენი სიტყვებიც, ყოველი გაგება და ოსტატობა საქმეში.
- 17
მან მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება.
- 18
დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა და არეთა შენაცვლებანი,
- 19
წელიწადის ბრუნვა და ვარსკვლავთა განლაგება,
- 20
ცხოველთა ბუნება და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ძალა.
- 21
ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და განცხადებულიც, რადგან სიბრძნემ განმასწავლა, ყოველთა შემოქმედმა.
- 22
რადგან იგია სული გონიერი, წმიდა, მხოლოდშობილი, მრავალწილიანი, ნატიფი, მოძრავი, მკაფიო, შეურყვნელი, ნათელი, უვნებელი, კეთილისმოყვარე, მახვილი,
- 23
დაუბრკოლებელი, ქველისმოქმედი, კაცთმოყვარე, მტკიცე, შეურყეველი, უშფოთველი, ყოვლადძლიერი, ყოვლისმხედველი, ყოველ გონიერ, განწმედილ და ფაქიზ სულში შემაღწეველი.
- 24
რადგან ყველა მოძრავზე უფრო მოძრავია სიბრძნე, თავისი სიწმიდით ყველაფერს გაივლის და ყველგან შეაღწევს.
- 25
რადგან ღვთის ძალის სუნთქვაა იგი და - ყოვლისმპყრობელის დიდების შეუბღალავი გადმოღვრა; ამიტომაც წაბილწულთაგან ვერავინ მიეკარება მას.
- 26
იგია საუკუნო ნათელის ანარეკლი, უხინჯი სარკე ღვთის ქმედებისა და ხატი მისი სიკეთისა.
- 27
ერთადერთია იგი, მაგრამ ყოვლისშემძლე, თავის თავში მყოფი, მაგრამ ყოვლის განმაახლებელი; ეწვევა უბიწო სულებს თაობიდან თაობაში და ღვთის მოყვრებად და წინასწარმეტყველებად განამზადებს მათ.
- 28
რადგან ღმერთს არავინ უყვარს, გარდა იმისა, ვინც სიბრძნით ცხოვრობს.
- 29
რადგან იგი მზის უმშვენესია და ვარსკვლავთა ყველა ხომლზე აღმატებული; ნათლის წინაშეც კი პირველი აღმოჩნდა.
- 30
რადგან ღამედ შეიცვლება ნათელი, სიბრძნეს კი ვერ ძლევს ბოროტება.