სიბრძნე სოლომონისა 8
- 1
ძლიერად განიფინება იგი კიდით კიდემდე და ყოველივეს სიკეთით განაგებს.
- 2
ჩემი ყრმობიდანვე მიყვარდა იგი და ვეძიებდი, და მოვიწადინე ჩემს სარძლოდ მომეყვანა, და მისი მშვენების ტრფიალი შევიქენი.
- 3
თავის კეთილშობილებას განადიდებს ღმერთთან ყოფნით და ყოველთა მეუფემაც შეიყვარა იგი.
- 4
იგი ღვთის ცოდნის მესაიდუმლეა და მისთა საქმეთა თანაზიარი.
- 5
თუკი სიმდიდრე სასურველი მონაგებია ცხოვრებისა, რა უნდა იყოს სიბრძნეზე უმდიდრესი, რომელიც ყველაფერს ქმნის?
- 6
თუ გონება ძალმოსილია, არსებულთაგან ვინღაა მასზე უკეთესი ხელოვანი?
- 7
და თუ ვინმეს სამართლიანობა უყვარს, მისი შრომა სიქველეა, რადგან კეთილგონიერებასა და ჭკუას, სამართლიანობასა და მხნეობას ასწავლის; ამათზე სასარგებლო კი კაცთათვის ცხოვრებაში არაფერია.
- 8
თუ ვინმე დიდ გამოცდილებას ესწრაფის, იცის მომხდარიც და ჭვრეტს მოსავალსაც, მან უწყის სიტყვათა საქცევნი და იგავთა ახსნანი, ნიშებსა და სასწაულებს წინასწარ იტყობს, ჟამთა და დროთა შედეგებსაც.
- 9
ამიტომაც განვსაჯე, მომეყვანა იგი ჩემთან საცხოვრებლად, რადგან ვიცოდი, მეყოლებოდა კეთილ მრჩევლად და ნუგეშად ზრუნვასა და მწუხარებაში.
- 10
მისით მექნებოდა დიდება ხალხში და ჭაბუკს - პატივი უხუცესთა წინაშე.
- 11
სამსჯავროში გამჭრიახი აღმოვჩნდებოდი და ძლიერთა თვალში გასაკვირველი.
- 12
დავდუმდებოდი და დამელოდებოდნენ, ამეტყველებულს კი მომისმენდნენ; და თუ საუბარს გავაგრძელებდი, ხელი პირზე ექნებოდათ მიდებული;
- 13
მისით მივაღწევდი უკვდავებას და საუკუნო სახსენებელს დავუტოვებდი ჩემს შთამომავლობას;
- 14
ხალხთა განმგებელი შევიქნებოდი და ერები დამემორჩილებოდნენ;
- 15
დაფრთხებოდნენ ჩემს გაგონებაზე სასტიკი ტირანები; ხალხში კეთილი გამოვჩნდებოდი, ომში კი - მამაცი.
- 16
შინ შესული მისით დავისვენებდი, რადგან მასთან ზიარებას არ მოსდევს სიმწარე და არც ტანჯვა მასთან ცხოვრებას, არამედ შვება და სიხარული.
- 17
ამას ვიზრახავდი ჩემთვის და, როცა მივხვდი ჩემს გულში, რომ უკვდავებაა სიბრძნესთან წილნაყარობა,
- 18
მასთან მოყვრობა - ნეტარება და მის ხელთა ნაშრომი - მოუკლებელი სიმდიდრე, მასთან საუბარი გონიერება და მის სიტყვებთან ზიარება - სახელის მოხვეჭა; დავდიოდი და ვეძებდი, როგორ შემეძინა იგი.
- 19
ნიჭმომადლებული ყმაწვილი ვიყავი და წილად მხვდა კეთილი სულიც;
- 20
უფრო კი, სიკეთის გამო იყო, უბიწო სხეულში რომ შევედი.
- 21
მივხვდი, თუ ღმერთი არ მომცემდა, სხვა გზით მას ვერ მოვიხვეჭდი, - და რომ უკვე სიბრძნე იყო იმის შეგნება, თუ ვისგან იყო ეს ნიჭი, - მივმართე უფალს. შევევედრე და მთელი ჩემი გულით ვუთხარი: