სიბრძნე სოლომონისა 6
- 1
მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა!
- 2
ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე!
- 3
უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება - უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის,
- 4
რადგან მისი სამეფოს მსახურნი იყავით და მართლად არ განსაჯეთ, არც რჯული დაიცავით და არც ღვთის ნებისაებრ წარემართეთ.
- 5
ზარდამცემად და მეყსეულად გამოგეცხადებათ, რადგან აღზევებულთა მსჯავრი მკაცრი იქნება.
- 6
ბეჩავი კაცი შეწყალების ღირსია, მძლავრნი კი მძლავრობით ეწამებიან.
- 7
რადგან სახეს არ მოარიდებს მათ ყოველთა მეუფე და არც მათ სიდიადეს შეუშინდება, რადგან მცირეცა და დიდიც მისი შექმნილია და ერთნაირად იზრახავს ყველასათვის.
- 8
ძლიერებს კი მკაცრი ელოდებათ განკითხვა.
- 9
ასე, რომ თქვენთვისაა, ჰოი, ხელმწიფევ, ჩემი სიტყვები, რათა ისწავლოთ სიბრძნე და არ შეცდეთ.
- 10
რადგან სიწმიდეთა სიწმიდით შემნახველნი განიწმიდებიან და გამართლებას იპოვიან მასში განსწავლულნი.
- 11
მაშ, დაეწაფეთ ჩემს სიტყვებს, შეიყვარეთ და განისწავლენით.
- 12
შუქმფენი და უჭკნობია სიბრძნე, მის მოყვარულთაგან ადვილგანსაჭვრეტი და იპოვნიან მას მისი მძებნელნი.
- 13
წინასწარ ეცხადება მისი შეცნობის მოწადინეთ.
- 14
დილაადრიანად მისი მძებნელი არ დაიღლება, რადგან თავის კართან იპოვის ჩამომჯდარს.
- 15
მისი შემეცნების სურვილი გონების სრულქმნაა და ვინც მისთვის ფხიზლობს, საზრუნავთაგან თავს სწრაფად დაიხსნის.
- 16
რადგან თავადვე ეძებს თავის ღირსებას, გზებზე მოწყალედ ეცხადება და ყოველი ფიქრისას წინ ეგებება.
- 17
მისი დასაბამი სწავლის ჭეშმარიტი სურვილია, ხოლო სწავლაზე ზრუნვა მისი სიყვარულია;
- 18
სიყვარული კი მისი კანონების დაცვაა და კანონთა დაცვა უკვდავების საწინდარია.
- 19
და უკვდავება ხომ ღმერთთან გვაახლოებს.
- 20
ამიტომაც სიბრძნის წყურვილი მეფობამდე გვამაღლებს.
- 21
ამიტომ, ტახტითა და სკიპტრით რომ ხარობთ, ხალხთა მბრძანებელნო, პატივი მიაგეთ სიბრძნეს, რათა საუკუნოდ იმეუფოთ.
- 22
ხოლო რა არის სიბრძნე და როგორ იშვა, გამოგიცხადებთ და არ დაგიმალავთ საიდუმლოებებს, არამედ მოვძებნი მის კვალს შესაქმის დასაბამიდანვე, ნათელს მოვფენ მის შემეცნებას და ჭეშმარიტებას გვერდს არ ავუვლი.
- 23
არც შურით ჩამომდნართან ერთად ვივლი, რადგან შურიანი ვერ ეზიარება სიბრძნეს.
- 24
ბრძენთა სიმრავლე სოფლის ხსნაა და გონიერი მეფე - ხალხის სიმტკიცე.
- 25
ამგვარად, განისწავლეთ ჩემი სიტყვებით და მარგებელი იქნება თქვენთვის.