სიბრძნე სოლომონისა 5
- 1
მაშინ მართალი დიდი სილაღით წარდგება მათ წინაშე, რომელთაც შეურაცხყვეს და მისი ღვაწლი აბუჩად აიგდეს.
- 2
მისი მხილველნი მძიმე შიშით შეძრწუნდებიან და გააოცებთ მისი მოულოდნელი ხსნა.
- 3
ერთმანეთში იტყვიან მონანულნი, აკვნესდებიან და იტყვიან სულშეჭირვებულნი:
- 4
ეს იყო სწორედ, ვინც ოდესღაც გვყავდა დასაცინად და კიცხვის არაკად უგუნურებს; მისი ცხოვრება სიგიჟედ მივიჩნიეთ, მისი აღსასრული კი უპატიობად.
- 5
როგორღა შეირაცხა უფლის ძეთა შორის და წმიდათა ხვედრი წილად როგორ ერგო?
- 6
ამგვარად, გადავსცდით ჭეშმარიტების გზას, აღარ გვინათებდა სამართლიანობის ნათელი და აღარც მზე ამოდიოდა ჩვენთვის.
- 7
ბილიკები ჩვენი ურჯულოებითა და წარწყმედით ავავსეთ, უვალი უდაბნოები გადავლახეთ, მაგრამ უფლის გზა კი ვერ შევიცანით.
- 8
რა სარგებლობა მოგვიტანა ჩვენ ამპარტავნობამ? და სიმდიდრით ქადილმა რა შეგვმატა?
- 9
წარხდა ეს ყოველივე, როგორც ჩრდილი და როგორც ხმა, დარხეული და მიმწყდარი.
- 10
როგორც ქრება მღელვარე წყალზე მიმავალი ხომალდის კვალი, როგორც ტალღებში მისი ძირისგან გავლებული ბილიკი,
- 11
ან როგორც ცაში აფრენილი ჩიტისგან არ რჩება ნაკვალევი, გარდა ფრთანაცემი და სტვენით გაკვეთილი ნაზი ჰაერისა,
- 12
ან როგორც მიზნისკენ გატყორცნილი ისრით გაბასრული ჰაერი მყისვე შეიკვრის და ისრის კვალი წაიშლება,
- 13
ჩვენც ასე ვიშვით და აღვესრულეთ, ვერ გამოვაჩინეთ სიქველის ნიშანი, არამედ დავუძლურდით ჩვენივე ბოროტებით.
- 14
რადგან უღვთოს იმედი ქრება როგორც მტვერი, ქარისგან ატაცებული, როგორც ცვრის წვეთები, ქარიშხლისგან გაბნეული, როგორც კვამლი, ქარისგან გაფანტული, და ერთ დღეს სტუმრებული კაცის ხსოვნასავით წაიშლება.
- 15
მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ; მათი საზღაური უფალთანაა და უზენაესი ზრუნავს მათზე.
- 16
ამიტომაც მიიღებენ დიდებულ სამეფოს და სიკეთის შარავანდს უფლის ხელიდან, რომელიც მარჯვენით იფარავს მათ და თავის მკლავით შეეწევა.
- 17
აიღებს სრულ საჭურველს - თავის მრისხანებას და აღჭურავს თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს.
- 18
შეიმოსება აბჯრით - სამართლიანობით და დაიდგამს მუზარადს - მოუსყიდველ სამართალს;
- 19
დაწვდება უძლეველ ფარს - სიწმინდეს,
- 20
მკაცრ რისხვას გალესავს მახვილივით და მასთან ერთად სამყაროც გაილაშქრებს შეშლილებზე.
- 21
ღრუბლებიდან, როგორც მოზიდული მშვილდიდან, გამოიტყორცნებიან მარჯვედ ნასროლი ელვის ისრები და სამიზნისკენ გაფრინდებიან.
- 22
ლოდსატყორცნელის მსგავსად რისხვით წამოუშენს სეტყვა, ზღვის წყალიც გაცოფდება და მდინარენიც გაშმაგებით წარღვნიან მათ.
- 23
მათ წინააღმდეგ აღდგება ძლიერების სული და გრიგალივით გაფანტავს მათ. მოაოხრებს ურჯულოება მთელს ქვეყნიერებას და მბრძანებელთა ტახტებს ბოროტმოქმედება დაამხობს.