სიბრძნე სოლომონისა 4
- 1
უმჯობესია უშვილობა სიქველეში, რადგან უკვდავი იქნება მისი ხსოვნა; მას ღმერთიც აღიარებს და ადამიანებიც.
- 2
ვიდრე ჩვენთანაა, მას ბაძავენ და, როცა შორსაა, მისკენ ისწრაფვიან; და საუკუნოდ გვირგვინოსანი ზეიმობს, როგორც მომგები ბრძოლისა უბიწო ღვაწლით.
- 3
უღვთოთა ნაყოფიერება უსარგებლოა და მემრუშეთა ამონაყარნი ფესვებს ღრმად ვეღარ გაიდგამენ და ვერც საიმედოდ დაფუძნდებიან.
- 4
ერთხანს კიდევაც რომ გაშალოს რტოები, საფუძველს მოკლებულს ქარი შეარყევს და აღმოიფხვრებიან მძვინვარე ქართაგან.
- 5
გადატყდება უმწიფარი ტოტი, მისი ნაყოფი უსარგებლო იქნება, საჭმელად მკვახე და ყოვლად უვარგისი.
- 6
უკანონო ძილში შობილი შვილები მშობელთა მრუშობის მოწმენი არიან მათი განკითხვისას.
- 7
მართალი კი, თუნდაც ნაადრევად აღესრულოს, განსასვენებელში იქნება.
- 8
რადგან საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება.
- 9
სიბრძნე ჭაღარაა ადამიანთათვის და უბიწო ცხოვრება სიბერის ასაკია.
- 10
ღვთისთვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილ იქნა.
- 11
წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული.
- 12
რადგან სიგლახისკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა.
- 13
მცირე ხნის მანძილზე სრულქმნილმა მრავალი ჟამი შეასრულა;
- 14
რადგან უფლისათვის სათნო იყო მისი სული, ამიტომაც იჩქარა წასვლა ბოროტების შუაგულიდან; ხალხმა ეს დაინახა და ვერ მიხვდა, არც კი იფიქრა,
- 15
რომ ღვთის მადლი და წყალობა მის რჩეულებთანაა და რომ ზრუნავს იგი თავის წმიდანებზე.
- 16
როცა კვდება მართალი, მსჯავრს სდებს ცოცხალ უღვთოებს, და ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე - ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს.
- 17
რადგან იხილავენ ისინი ბრძენის აღსასრულს და ვერ მიხვდებიან, რა განიზრახა მისთვის უფალმა და რისთვის დაიცვა იგი.
- 18
იხილავენ და შეურაცხყოფენ, მათზე კი უფალი გაიცინებს.
- 19
შემდგომად ამისა იქცევიან უპატიო გვამებად და სირცხვილად მკვდართა შორის, საუკუნოდ; რადგან პირქვე დაამხობს ხმაწართმეულებს და ძირფესვიანად შეარყევს მათ. გახმებიან ისინი საბოლოოდ და იქნებიან სატანჯველში, და წარიხოცება მათი ხსენება.
- 20
შიშით წარდგებიან ცოდვების განკითხვისას და მათივე უკეთური საქმეები ამხილებს მათ.