სიბრძნე სოლომონისა 3
- 1
მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება.
- 2
უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ.
- 3
ჩვენგან წასვლა კი - განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ.
- 4
თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე.
- 5
მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა.
- 6
ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა.
- 7
გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები.
- 8
განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი.
- 9
უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა.
- 10
უღვთონი კი სასჯელსაც თავიანთ ზრახვათამებრ მიიღებენ, რადგან მართალიც აითვალისწუნეს და უფალსაც განუდგნენ.
- 11
რადგან უბედურია, ვინც სიბრძნესა და სწავლას შეურაცხყოფს; ამაოა იმედი მათი, შრომა უნაყოფო და მათი საქმეები უსარგებლოა.
- 12
მათი ცოლები უგუნურნი არიან, ხოლო შვილები უკეთურნი; დაწყევლილია მათი მოდგმა.
- 13
რადგან ნეტარია წაუბილწველი ბერწი ქალი, რომელმაც არ იცის საწოლი ცოდვისა. იგი მიიღებს ნაყოფს სულთა განკითხვისას,
- 14
საჭურისსაც, ვის ხელსაც ურჯულოება არ ჩაუდენია და არ განუზრახავს ბოროტი უფლისა მიმართ, მიეცემა გამორჩეული მადლი რწმენისა და უსანატრელესი წილი უფლის ტაძარში.
- 15
რადგან სანაქებოა ნაყოფი კეთილი შრომისა და ძირი სიბრძნისა შეურყეველია.
- 16
მემრუშეთა შვილნი ვერ მოიწიფებიან და თესლი უკანონო საწოლისა გაქრება.
- 17
ხანგრძლივადაც რომ იცოცხლონ, მაინც არარად შეირაცხებიან და უპატიო იქნება მათი ღრმა სიბერეც.
- 18
ხოლო თუ ნაადრევად აღესრულებიან, არც იმედი და არც ნუგეშისცემა არ ექნებათ განკითხვის დღეს;
- 19
რადგან მძიმეა უსამართლო მოდგმის აღსასრული.