სიბრძნე სოლომონისა 2
- 1
თქვეს ერთმანეთში მათ, რომელნიც უმართებულოდ მსჯელობენ: ხანმოკლეა და მწუხარე ჩვენი ცხოვრება, ვერ გადაურჩება სიკვდილს ადამიანი და ჯოჯოხეთისაგან დამხსნელიც არავინ ეგულება,
- 2
რადგან შემთხვევით დავიბადეთ და ამის შემდგომადც ვიქნებით როგორც არყოფილნი, რადგან სამშვინველი ჩვენს ნესტოებში კვამლია მხოლოდ, აზრი კი - ჩვენი გულის ფეთქვის ნაპერწკალი.
- 3
როცა ჩაქრება, მტვრად იქცევა ჩვენი სხეული და მსუბუქ ქროლვასავით სამშვინველიც გაიფანტება.
- 4
მალე დავიწყებულ იქნება ჩვენი სახელი, არავინ გაიხსენებს ჩვენს ნამოქმედარს და ჩაივლის ჩვენი ცხოვრება ღრუბლის კვალივით და განქარდება როგორც ნისლი, მზის სხივებისგან დარბეული და მისი სიმხურვალით დამძიმებული.
- 5
რადგან წარმავალი აჩრდილია ჩვენი ჟამი, არ იქნება მობრუნება ჩვენი აღსასრულისგან, რადგან ბეჭედდასმულია იგი და არც არავინ ბრუნდება უკან.
- 6
ამიტომაც არსებული სიკეთით დავტკბეთ და ვიჩქაროთ შექმნილით სარგებლობა, ისევე როგორც სიჭაბუკით.
- 7
აღვივსოთ ძვირადღირებული ღვინით და ნელსაცხებელით, და გვერდს ნუ ჩაგვივლის ჩვენ გაზაფხულის ყვავილი.
- 8
დავიდგათ გვირგვინი ვარდის კოკრებისა, ვიდრე დაჭკნებოდეს.
- 9
ნურცერთი ჩვენთაგანი ნუ მოაკლდება სიტკბოებას, ყველგან დავტოვოთ კვალი ჩვენი სიხარულისა, რადგან ესაა წილი ჩვენი და ხვედრი ჩვენი.
- 10
დავჩაგროთ მართალი ღატაკი, ნურც ქვრივებს შევიწყალებთ და ნურც მოხუცის ხანდაზმული ჭაღარისა შეგვრცხვება.
- 11
ჩვენი ძალა სამართლიანობის კანონად იქცეს, რადგან უძლური არაფრის მაქნისია.
- 12
საცდური დავუგოთ მართალს, რადგან ჩვენთვის ტირთია მხოლოდ და ჩვენი საქმეების წინააღმდგომი, გვაყვედრის ცოდვებს რჯულის წინაშე და ჩვენი აღზრდის ცოდვებში გვადანაშაულებს.
- 13
აცხადებს, თითქოს ღვთის ცოდნა ჰქონდეს და თავის თავს უფლის ძეს უწოდებს.
- 14
ჩვენი ზრახვების მამხილებლად გვექცა და დასანახადაც კი მძიმეა ჩვენთვის.
- 15
რადგან მისი ცხოვრება არ მიაგავს სხვათა ცხოვრებას და განსხვავდება ბილიკნიც მისი.
- 16
მატყუარებად ვითვლებით მისთვის და შორს უვლის ჩვენს გზებს, როგორც უწმინდურობას; ბედნიერებად თვლის მართალთა აღსასრულს და ტრაბახობს, ჩემი მამააო ღმერთი.
- 17
ვნახოთ, მართალია თუ არა სიტყვები მისი და გამოვცადოთ იგი მისი აღსასრულისას.
- 18
თუ მართლაც ჭეშმარიტი ძეა ღვთისა, უფალი დაიცავს და დაიხსნის მას მტრების ხელთაგან.
- 19
გინებითა და ტანჯვით გამოვცადოთ იგი, რათა შევიცნოთ მისი თავმდაბლობა და უწყინარობა მისი შევამოწმოთ.
- 20
სამარცხვინო სიკვდილით დავსაჯოთ იგი, რადგან თანახმად მისი სიტყვებისა, მასზე იზრუნებენ.
- 21
ასე განსაჯეს, მაგრამ შეცდნენ, რადგან დააბრმავა ისინი მათმავე ბოროტებამ.
- 22
რადგან ვერ შეიცნეს ღვთის საიდუმლოებანი, არც სიწმინდის საზღაურს ელოდნენ და არც უბიწო სულთა გილდო ჩაუგდიათ რამედ.
- 23
რადგან ღმერთმა ადამიანი უხრწნელად შექმნა და თავისი მარადიულობის ხატად დაბადა იგი,
- 24
მაგრამ ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა და მისი წილხვდომილნი განიცდიან მას.