სიბრძნე სოლომონისა 18
- 1
ხოლო შენს წმიდათათვის დიდი იყო ნათელი. მათ მტრებს ესმოდათ ხმები, თუმცა სახეებს ვერ ხედავდნენ; ნეტარად რაცხდნენ მათ, რადგან არ იტანჯებოდნენ:
- 2
ადრე მათგან ვნებულნი შურს არ იძიებდნენ, მხოლოდ მადლიერნი იყვნენ და წყალობას ითხოვდნენ იმისათვის, რაც დაითმინეს.
- 3
ამიტომაც გააყოლე მათ ცეცხლის სვეტი უცნობ გზაზე და უვნებელი მზე უცხოობაში.
- 4
ისინი ღირსნი იყვნენ სინათლის მოკლებისა და წყვდიადში ჩამწყვდევისა, რადგან დამწყვდეული ჰყავდათ შენი შვილები, რომელთა წყალობით რჯულის უხრწნელი ნათელი საუკუნეს უნდა მისცემოდა.
- 5
როცა მათ წმინდა ჩვილების გაჟლეტა განიზრახეს და ერთი ყრმა, რომელიც მიგდებული იყო და გადარჩა, სასჯელად შვილთა სიმრავლე წაართვი მათ და ბობოქარი წყლებით დაღუპე, ერთიანად.
- 6
ეს ღამე წინასწარ ეუწყათ ჩვენს მამა-პაპას, რათა შეგონებულთ მტკიცედ სცოდნოდათ აღთქმები, რომლებიც ირწმუნეს.
- 7
მოლოდინი ჰქონდათ შენი ერის ხალხს მართალთა ხსნისა და მტერთა დაღუპვისა.
- 8
რადგან რითაც ჩვენი წინააღმდგომნი დასაჯე, იმითვე განგვადიდე ჩვენმა მშობელმა.
- 9
კეთილთა წმიდა შვილები ფარულად სწირავდნენ მსხვერპლს და საღვთო რჯულად ერთხმად დაადგინეს, რომ წმიდებს თანაბრად წილხვდომოდათ კეთილიც და ბოროტიც და უკვე გალობდნენ მამათა საგალობლებს.
- 10
ხოლო გამოძახილად ისმოდა მტრების არეული ხმები და გულისშემძვრელი მოთქმა დასატირებელ ყრმათა გამო.
- 11
ერთი სასჯელით დაისაჯნენ მონა და ბატონი, მდაბიოც ისევე დაიტანჯა, როგორც მეფე.
- 12
ყველას მრავლად ჰყავდა ერთნაირი სიკვდილით მკვდარი და მათ დასამარხავად ცოცხალნი არ კმაროდნენ, რადგან წამში დაიღუპა ურჩეულესი მათი მოდგმა.
- 13
ყველამ, ვინც კი იყო ურწმუნო ჯადოქრობის მიზეზით, პირმშოთა გაწყვეტისას ღვთის შვილად აღირა ეს ხალხი.
- 14
რადგან, როცა ყოველივე მყუდროებამ მოიცვა და მალე განახევრდა ღამე,
- 15
დასაღუპად განწირული ქვეყნის შუაგულში ზეცათა სამეუფო ტახტებიდან გადმოვიდა შენი ყოვლისშემძლე სიტყვა, როგორც მრისხანე მგომარი და შენი უცვალებელი ბრძანება - ალესილი მახვილი მოიტანა.
- 16
დადგა და ყოველივე სიკვდილით აღავსო და ზეცას სწვდებოდა მიწაზე მდგარი.
- 17
მაშინ უეცრად შეაძრწუნეს ისინი საზარელ სიზმართა აჩრდილებმა და მოულოდნელი შიშისზარი დაეცათ.
- 18
ვინ სად დაცემული, ნახევრადმკვდარი, აღიარებდა მიზეზს, რისთვისაც კვდებოდა.
- 19
შემაძრწუნებელმა სიზმრებმა წინასწარ აუწყეს ეს რათა არ დაღუპულიყვნენ იმის უცოდინარნი, თუ რისთვის იტანჯებოდნენ ასე მწარედ.
- 20
თუმცა სიკვდილის განსაცდელი მართალთაც შეეხო და უდაბნოში მრავალი დაიღუპა, მაგრამ რისხვა დიდხანს არ გაგრძელებულა,
- 21
რადგან ისწრაფა უბიწო კაცმა მათ შესაწევად და მოიღო ფარი თავისი მსახურებისა - ლოცვა და საკმეველი შეწყალების გამოსათხოვად. წინ აღუდგა რისხვას და ზღვარი დაუდო უბედურებას, რითაც ცხადჰყო, რომ შენი მსახური იყო.
- 22
მან სძლია ბრბოს, მაგრამ არა სხეულის ძალით და არც იარაღის აღმართვით, არამედ მხოლოდ სიტყვით დაიმორჩილა დამსჯელი, როცა გაახსენა მამა-პაპისთვის მიცემული ფიცი და აღთქმები.
- 23
რადგან როცა გვამები ერთმანეთზე ხროვად ეყარა, შუაში ჩამდგარმა რისხვა შეაჩერა და ცოცხლებისკენ გზა გადაუღობა.
- 24
რადგან მის გრძელ კაბაზე მთელი სამყარო ეხატა; მამა-პაპათა დიდებანი იყო ამოკვეთილი ოთხმწკრივად ჩაყოლებულ ქვებზე და შენი სიდიადე - მისი შუბლის ჯიღაზე.
- 25
ყოველივე ამის წინაშე დაიხია შემმუსვრელმა და შეუშინდა, რადგან ეს ერთი მრისხანე განსაცდელიც სკმარისი იყო.