სიბრძნე სოლომონისა 17
- 1
დიდია და გამოუთქმელი შენი სასჯელები, ამიტომაც შეცდნენ გაუწვრთნელნი სულები.
- 2
რადგან ურჯულონი, რომელთაც წმინდა ერის დაჩაგვრა განიზრახეს, წყვდიადის ტუსაღები და გრძელი ღამის ტყვეები იყვნენ; ჭერქვეშ შეიკეტნენ საუკუნო განგებისგან გაქცეულნი.
- 3
ფიქრობდნენ რა თავიანთ იდუმალ ცოდვებში დამალვას, დავიწყების ბნელ საბურველქვეშ, დაიფანტნენ თავზარდაცემულნი და აჩრდილებით შეძრწუნებულნი.
- 4
რადგან ყველაზე საიდუმლო ადგილმაც კი, რომელსაც შეეფარნენ, შიშისგან ვერ დაიცვა ისინი, არამედ ირგვლივ, საზარელი ხმებით შეძრწუნებულებს, პირქუში მოჩვენებები ეცხადებოდათ.
- 5
ცეცხლის არავითარ ძალას არ შეეძლო სინათლის მოფენა და არც ვარსკვლავთაა ბრწყინვალე ციმციმს არ ძალუძდა ამ შემზარავი ღამის განათება.
- 6
არაფერი უნათებდა მათ, გარდა თავისით აღგზნებული, საშინელებით აღსავსე კოცონებისა, და უხილავი მოჩვენებებით დაშინებულნი ხილულს კიდევ უფრო უარესად წარმოიდგენდნენ.
- 7
დასაცინი გახდა ჯადოქრობის ცთუნებები და სიბრძნით ყოყოჩობა გაკიცხულ იქნა.
- 8
რადგან ვინც ტანჯული სულიდან შიშისა და ძრწოლის განდევნას იპირებოდნენ, სამარცხვინო შიშის სენი თავად შეეყარათ.
- 9
და თუმცა ვერარა შემაძრწუნებელი ვერ აკრთობდა მათ, მხეცთა გამოსვლითა და ქვეწარმავალთა სისინით დვვნილნი, შიშისაგან იმუსრებოდნენ და უარს ამბობდნენ ჰაერის შეხედვაზეც კი, რომელსაც ვერსად გაექცევა კაცი.
- 10
რადგან საკუთარი მოწმობით დასჯილი ბოროტება მხდალია და სინდისით ქენჯნილი მუდამ საშინელებებს წარმოიდგენს.
- 11
რადგან შიში სხვა არაფერია, თუ არა შემწეობაზე უარისთქმა გონების მიერ.
- 12
რამდენადაც ნაკლებია შინაგანი მოლოდინი, მით უფრო შეუცნობელი ჩანს ტანჯვის მიზეზი.
- 13
ამ ნამდვილად აუტანელი ღამით, რომელიც აუტანელი ჯოჯოხეთის უფსკრულებიდან იყო გამოსული, ყველას ერთნაირი ძილით ეძინა:
- 14
ხან საზარელი მოჩვენებებისგან იყვნენ დევნილები, ხან სულის დაცემით სასოწარკვეთილები, რადგან უეცარი და მოულოდნელი შიშისზარი დაატყდა თავს.
- 15
და ამგვარად, ვინ სად იყო, იქ დაეცა და ურკინო საპყრობილეში გამოიკეტა.
- 16
მიწათმოქმედი იყო, თუ მწყემსი, თუ უდაბნოში მომუშავე, ყველანი გარდაუვალ ხვედრს დაემორჩილნენ, რადგან წყვდიადის ერთი ჯაჭვით იყვნენ შეკრულნი.
- 17
ქარის სტვენა, თუ ხშირ რტოებში ჩიტების ტკბილი გალობა, თუ მოვარდნილი წყლის ძალა, თუ ძლიერი გრუხუნი ჩამოგორებული ლოდებისა,
- 18
თუ ცხოველთა უხილავი სრბოლა, თუ მძვინვარე მხეცთა ღრიალი - თავზარს სცემდა მათ და აუძლურებდა.
- 19
მთელი სამყარო კი ბრწყინავდა ელვარე ნათლით და შეუფერხებლად საქმიანობდა.
- 20
და მხოლოდ მათზე იყო გადმომხობილი მძიმე ღამე - ხატი წყვდიადისა, რომელსაც უნდა მოეცვა ისინი; თუმცა საკუთარი თავისთვის თავადვე იყვნენ წყვდიადზე მძიმენი.