სიბრძნე სოლომონისა 19
- 1
ხოლო უღვთოთათვის ბოლომდე გაგრძელდა უწყალო რისხვა, რადგან მათ ჩასადენ საქმეებს წინასწარ ჭვრეტდა,
- 2
იცოდა, გასვლის ნებას დართავდნენ მათ და საჩქაროდ გაისტუმრებდნენ, მაგრამ შემდეგ შეინანებდნენ და დაედევნებოდნენ.
- 3
რადგან სანამ მწუხარებაში იყვნენ და გლოვობდნენ მკვდართა საფლავებზე, სხვა უგუნური განზრახვა ჩაიფიქრეს: უკან გამოედევნებოდნენ მათ, როგორც ლტოლვილებს, რომელთაც წინათ წასვლას ევედრებოდნენ.
- 4
ამ აღსასრულისკენ მიიზიდა ისინი ბედისწერამ, რომლის ღირსნიც იყვნენ და დაავიწყა თავს გარდახდილი, რათა სასჯელით შეევსოთ, რაც მათ სატანჯველს დააკლდა;
- 5
რომ შენი ხალხი გაუგონარი მგზავრობით გამოგეცადა, იმათ კი უცხო სიკვდილი ეპოვათ.
- 6
რადგან ყოველმა ქმნილებამ თავისი ბუნება შეიცვალა შენს ბრძანებათა სამსახურად, რათა შენი შვილები უვნებლად დაცულიყვნენ.
- 7
ბანაკს ღრუბელი უჩრდილებდა, ხოლო სადაც ადრე წყალი იდგა, ხმელეთი გამოჩნდა; ასევე ბილიკი მეწამულ ზღვაში, დაუბრკოლებელი გზა და მწვანე ველი ბობოქარ ტალღებში,
- 8
რომლითაც გააღწია მთელმა ერმა, შენი ხელით დაცულმა და საკვირველ სასწაულთა მხილველმა;
- 9
რადგან ცხენებივით ძოვდნენ და კრავებივით ხტოდნენ, და გაქებდნენ შენ, უფალს - თავიანთ მხსნელს.
- 10
რადგან ჯერ კიდევ ახსოვდათ, რომ უცხო ქვეყანაში ყოფნისას მიწამ, ნაცვლად იმისა, რომ ცხოველები დაებადა, ჭიები წარმოშვა და მდინარემ თევზების ნაცვლად გომბეშოთა სიმრავლე ამოჰყარა.
- 11
ხოლო შემდეგ ჩიტების ახალი გვარიც კი იხილეს, როცა გულისთქმით შეპყრობილნი ნოყიერ საზრდელს ითხოვდნენ.
- 12
რადგან მათთვის შვების მისაცემად მწყერები გამოფრინდნენ ზღვიდან,
- 13
ცოდვილებზე კი სასჯელებმა მოაწია, რომელთა ნიშნები წინასწარ გამოჩნდა მეხისტეხაში; სამართლიანად იტანჯებოდნენ ჩადენილი ბოროტებისთვის, რადგან სასტიკ სტუმართმოძულეობას იჩენდნენ.
- 14
სხვანი თუ სტუმრად არ იღებდნენ მათთან მოსულ უცხოელებს, ესენი კეთილისმყოფელ სტუმრებს იმონებდნენ.
- 15
არა მხოლოდ ამათ, არამედ იმათაც დაედებათ მსჯავრი, რადგან მტრულად იღებდნენ სტუმრებს.
- 16
ამათ ჯერ ზარ-ზეიმით მიიღეს, მაგრამ მათთან უკვე უფლებებით გათანაბრებულნი, მძიმე სატანჯველში ჩაყარეს.
- 17
თვალისჩინი წაერთვათ მათ იმათ მსგავსად, მართალის კართან მრუმე წყვდიადით გარემოცულნი, შესასვლელს რომ ეძებდნენ.
- 18
რადგან სტიქიებიც გარდაიქმნენ, ქნარის ხმებივით; ამას შეატყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება რიტმს რომ იცვლიან, თავად კი არასოდეს იცვლებიან. ამას შეატყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება საგნებს.
- 19
რადგან ხმელეთის ცხოველები წყლის ცხოველებად შეიცვალნენ და წყალში მცურავნი ხმელეთზე გადმოვიდნენ.
- 20
ცეცხლმა წყალშიც კი შეინარჩუნა თავისი ძალა და წყალმა დაივიწყა დამშრეტელის ბუნება.
- 21
ალმა, პირიქით, ვერაფერი ავნო მასში მოარულ ხრწნად ცხოველთა ხორცს და ვერც ადვილად დნობადი ყინულის მსგავსი ღვთაებრივი საზრდელი დაადნო.
- 22
რადგან შენ აამაღლე, უფალო, ყოველნაირად შენი ერი, განადიდე და არ მიატოვე, არამედ მხარში ედექი მარად და ყველგან.