სიბრძნე სოლომონისა 11
- 1
კეთილად წარმართა სიბრძნემ მათი საქმენი წმიდა წინასწარმეტყველის ხელით.
- 2
გადალახეს უდაბნო უკაცური და უვალ ადგილებში კარვები აღმართეს,
- 3
წინ აღუდგნენ მომხდურთ და მოიგერიეს მტრები.
- 4
მოსწყურდათ და შენ შეგღაღადეს, და შენც მიეცი მათ წყალი სალი კლდიდან და დარწყულება - პიტალო ქვიდან.
- 5
რადგან გასაჭირში მყოფთ ის მიემადლათ, რითაც დაისაჯნენ მათი მტრები:
- 6
ნაცვლად სისხლით შემღვრეული და წაბილწული წყაროსი,
- 7
ყრმათა ჟლეტის ბრძანების სამხილებელად რომ ადინე, მოულოდნელად მიეცი მათ უხვი წყალი.
- 8
და მაშინ უჩვენე წყურვილის ძალით, თუ როგორ დასაჯე მათი წინააღმდგომნი.
- 9
რადგან, როცა გამოიცადნენ, თუმცა წყალობებში იყვნენ გაწვრთნილნი, მაშინ შეიცნეს, როგორ იტანჯებოდნენ რისხვით განკითხული უღვთოები.
- 10
რადგან ესენი, როგორც მამა, შეგონებით გამოსცადე, ისინი კი დასაჯე, როგორც სასტიკმა მეფემ.
- 11
იქ არმყოფნიც და იქ მყოფნიც ერთნაირად იტანჯებოდნენ.
- 12
რადგან მოეცვა ისინი ორკეც მწუხარებას და თავგადანახადის გახსენებაზე გოდებდნენ.
- 13
როცა შეიტყვეს, რომ მათი დასჯით დამწყალობდნენ მართალნი, მიხვდნენ, რომ უფლისგან იყო ეს საქმე.
- 14
თუმცა ადრე, როგორც განკიცხული, მოიკვეთეს და აბუჩად აიგდეს, მაგრამ საბოლოოდ უკვირდათ მისი, რადგან მათი წყურვილი არ ჰგავდა მართლის წყურვილს.
- 15
იმის სანაცვლოდ, რომ უგუნური და უკეთური ფიქრებით მოცთუნებულნი ემსახურებოდნენ უტყვ ქვეწარმავლებს და უბადრუკ მხეცებს, აჰა, პირუტყვ ქმნილებათა სიმრავლე მოუვლინე სასჯელად.
- 16
რათა გაეგოთ, ვინც რითი შესცოდავს, იმით რომ დაისჯება.
- 17
რადგან არაფერი დააბრკოლებდა შენს ყოვლისშემძლე ხელს, რომელმაც უსახო ნივთიერებისაგან სამყარო შექმნა, წარეგზავნა მათთვის დათვთა სიმრავლე ან მძვინვარე ლომები,
- 18
ან ახლადშექმნილი და უცნობი მძვინვარე მხეცები, ან ცეცხლოვანი სუნთქვის მომბერველნი, ან ამომფრქვეველნი ბოლქვებად კვამლისა, ან თვალთაგან შემზარავ ნაპერწკალთა გამომტყორცნელნი,
- 19
რომელთაც არა მხოლოდ ვნების მიყენებით შეეძლოთ მაიაი განადგურება, არამედ შიშისმომგვრელი შესახედაობითაც დაღუპავდნენ.
- 20
და მათ გარეშეც, ერთი მობერვითაც შეიძლებოდა დამხობილიყვნენ მართლმსაჯულებისგან დევნილნი და შენი ძლიერი სულისგან დაფანტულნი, მაგრამ შენ ყოველივე ზომით, თვლითა და წონით განაწესე;
- 21
რადგან დიდი ძლიერება მარადის შენთანაა და ვინ აღუდგება წინ შენი მკლავის ძალას?
- 22
რადგან მთელი სამყარო შენს წინაშე მხოლოდ რხევაა სასწორის პინებისა და წვეთია დილის ცვარისა, დედამიწაზე რომ იფრქვევა.
- 23
ყველას შემბრალე ხარ, რადგან ყველაფერი შეგიძლია, და არად მიიჩნევ კაცთა ცოდვებს, რათა მოინანიონ.
- 24
რადგან ყოველი არსებული გიყვარს, და არც არას მოიძულებ, რაც შეგიქმნია; რომ გძულებოდა, ხომ არც შექმნიდი!
- 25
როგორ იარსებებდა რაიმე, შენ რომ არ მოგესურვა? ან როგორ შეინახებოდა, შენ რომ არ მოგეხმო?
- 26
ყველაფერს უფრთხილდები, რადგან ყველაფერი შენია, სულისმოყვარეო უფალო.