სიბრძნე სოლომონისა 10
- 1
სიბრძნემ დაიცვა პირველდასახული მამა სამყაროსი, მარტოდ შექმნილი, და იხსნა იგი დაცემისგან;
- 2
და მისცა მას ძალა ყოველთა განსაგებლად.
- 3
მაგრამ წარწყმდა მისგან ბრაზით განმდგარი უკეთური, როცა რისხვამორეულმა ძმა მოკლა.
- 4
მის გამო წარღვნილი მიწა კვლავ სიბრძნემ იხსნა, როცა ხის ნაგლეჯით გადაარჩინა მართალი.
- 5
მან გამოიცნო მართალი კაცი ბოროტებაში შეთანხმებულ ხალხთა შორის და უბიწოდ დაიცვა იგი ღვთის წინაშე, და შვილის სიბრალულით სიძლიერე შეუნარჩუნა.
- 6
მანვე გადაარჩინა მართალი, როცა ღუპავდა ურჯულოებს; გაექცა ცეცხლს, გარდმოვლენილს ხუთ ქალაქზე,
- 7
რომელთაგან ბოროტების მოწმედ აკვამლებული ტრამალიღა დარჩა და უჟამოდ ნაყოფის გამომღები მცენარეები, და ურწმუნო სულის სახსოვრად აღმართული მარილის სვეტი.
- 8
სიბრძნისთვის გვერდის ამვლელებმა მხოლოდ სიკეთის შეუცნობლობით როდი ავნეს თავს, არამედ ცხოვრებას თავიანთი სიბრიყვის ხსოვნაც დაუტოვეს, ვერ შეძლეს დაფარვა იმისა, რაც შესცოდეს.
- 9
სიბრძნემ კი იხსნა თავისი მსახურნი სატანჯველთაგან.
- 10
ძმის რისხვისგან გაქცეულ მართალს სწორ გზებზე უწინამძღვრა, ღვთის სასუფეველი უჩვენა და სიწმიდეთა ცოდნა მიჰმადლა, მწედ ეყო ტანჯვა-წამებაში და ნაყოფი მისი ღვაწლისა გაამრავლა.
- 11
როცა სიხარბით ჩაგრავდნენ, გვერდში ამოუდგა მას და გაამდიდრა.
- 12
დაიფარა იგი მტრებისაგან და ავისმზრახველთაგან დაიცვა; ცხარე ბრძოლაში მისცა გამარჯვება, რათა სცოდნოდა, რომ ღვთისმოსაობა ყველაფერზე ძლიერია.
- 13
არ მიატოვა გაყიდული მართალი, არამედ ცოდვისაგან დაიხსნა იგი;
- 14
ჯურღმულში ჩავიდა მასთან და ბორკილებში როდი დატოვა, არამედ მიუტანა კვერთხი მეფობისა და ძალაუფლება მის მჩაგვრელებზე, გაამტყუნა მისი ბრალმდებელნი, მას კი საუკუნო დიდება მიანიჭა.
- 15
წმიდა ერი და უბიწო თესლი დაიხსნა მჩაგვრელი ხალხებისგან.
- 16
შევიდა უფლის მსახურის სულში და სასტიკ მეფეებს წინ აღუდგა სასწაულებითა და ნიშნებით.
- 17
მისცა ღირსეულებს საზღაური მათი ღვაწლისა, საკვირველ გზაზე უწინამძღვრა და იქმნა მათთვის დღისით საფარველად, ხოლო ღამღამობით - ვარსკვლავთა ელვარებად.
- 18
გადაიყვანა ისინი მეწამულ ზღვაზე და ადიდებულ წყლებს გაღმა გადაუძღვა.
- 19
მათი მტრები კი ჩაძირა და უფსკრულის სიღრმიდან ამოტყორცნა.
- 20
ამიტომაც მართლებმა უღვთოებს საჭურველი აჰყარეს და შენს წმიდა სახელს უმღერეს და ერთსულოვნად აქეს შენი მფარველი ხელი.
- 21
რადგან სიბრძნემ პირი გაუხსნა მუნჯებს და ჩვილთა ენებს სიცხადე მისცა.