სიბრძნე სოლომონისა 12
- 1
რადგან ყველაფერშია შენი უხრწნელი სული.
- 2
ამიტომაც შეცდომილებს თანდათან ამხელ და შეახსენებ, თუ რაში სცოდავენ; შეაგონებ, რომ დათმონ ბოროტება და სწამდეთ შენი,უფალო.
- 3
ძველი მკვიდრნი შენი წმინდა მიწისა
- 4
მოიძულე საძაგელ საქმეთათვის, ჯადოქრობისთვის და უწმიდური წესებისთვის,
- 5
ყრმათა უწყალო ხოცვისთვის, და ადამიანის შიგნეულის და სისხლის ჭამისთვის; შეიძულე საიდუმლოდ მსხვერპლის შემწირველნი.
- 6
და მშობლები - მკვლელნი უმწეო სულებისა, და მოიწადინე მათი დაღუპვა ჩვენი მამა-პაპის ხელით,
- 7
რათა შენს ფასდაუდებელ მიწას ღვთის შვილთა ღირსეული სახლობა მიეღო.
- 8
მაგრამ ისინიც, როგორც კაცნი, მაინც დაინდე და შენი მხედრიონის წინამორბედებად კელები მიუგზავნე, რათა თანდათან გაჟლეტილიყვნენ.
- 9
თუმცა შეგეძლო ურჯულონი მართალთათვის ბრძოლით დაგემონა ან საზარელი ცხოველებით მოგესპო ისინი, ან ერთი სასტიკი სიტყვით;
- 10
მაგრამ შენ თანდათან სჯიდი მათ და დროს აძლევდი სინანულისათვის; თუმცა იცოდი, რომ მოდგმა მათი უკეთურია და ბოროტება - თანდაყოლილი, და მათი ზრახვები არ შეიცვლებოდა უკუნისამდე.
- 11
მათი თესლი ხომ დაწყევლილია დასაბამიდან; ვინმეს შიშით როდი ტოვებდი მათ დაუსჯელად ცოდვებისათვის.
- 12
რადგან ვინ გეტყვის: რა ჩაიდინე? ან წინ ვინ აღუდგება შენს სამსჯავროს? ან ვინ დაგდებს ბრალს ხალხების დაღუპვისთვის, რომელიც შენვე შექმენი? ან ვინ გამოესარჩლება შენ წინაშე ცოდვილ ადამიანებს, შეიწყალეო ისინი?
- 13
რადგან არ არის ღმერთი შენს გარდა, ყველაზე რომ ზრუნავდეს, რომელსაც დაანახვებდი, რომ უსამართლოდ არ სჯი.
- 14
არცერთ მეფეს, არცერთ მბრძანებელს არ შეუძლია თვალი გაგისწოროს იმათ გამო, რომელნიც დასაჯე.
- 15
თავად სამართლიანი სამართლიანად განაგებ ყველაფერს, რადგან შენი ძლიერებისთვის უცხოდ მიგაჩნია დასაჯო, ვინც სასჯელს არ იმსახურებს.
- 16
რადგან შენი ძალა სამართლიანობის დასაბამია და ყოვლის მბრძანებლობა ყოვლის მიმტევებლად გაქცევს.
- 17
ძალას შენსას უჩვენებ მას, ვისაც არ სწამს შენი ყოვლადძლიერება, და შენს არმცნობელს კადნიერებაში ამხელ.
- 18
მაგრამ მფლობელი ძლიერებისა ლმობიერად განსჯი და გვმართავ ჩვენ დიდი მოთმინებით, რადგან ძლიერების გამოჩენა შენს ნებაზეა.
- 19
ამგვარ საქმეთა წყალობით განასწავლე შენი ხალხი, რომ სამართლიანი კაცთმოყვარე ყოფილიყო, და შენს შვილებს შთაუნერგე კეთილი იმედი, რომ მისცემდი დროს ცოდეების მოსანანიებლად.
- 20
რადგან თუ შენს მსახურთა მტრებს და სიკვდილით დასასჯელებს ეგზომ ლმობიერებითა და გულმოწყალებით სჯიდი, რაკი აძლევდი დროსა და შემთხვევას, რომ ბოროტებას განდგომოდნენ,
- 21
რაზომი სიფრთხილით განსჯიდი შენს შვილებს, რომელთა მამა-პაპას მიეცი ფიცი და კეთილ დაპირებათა აღთქმები!
- 22
როცა ჩვენ გვასწავლი, ჩვენს მტრებს ათასგზის შოლტავ, რათა დამსჯელებმა შენს სიკეთეზე ვიფიქროთ, ხოლო დასჯილები ველოდეთ შეწყალებას.
- 23
ამიტომაც თავისივე სისაძაგლეებით დატანჯე ცოდვილნი, რომელნიც უგუნური ცხოვრებით ცხოვრობდნენ.
- 24
რადგან მცდარ გზაზე მოარულნი შორს განიბნენ და, უჭკუო ბალღებივით მოტყუებულნი, ღმერთებად მიიჩნევდნენ ცხოველებს, რომელნიც მათი მტრებისთვისაც კი საძაგელნი არიან.
- 25
ამიტომ, როგორც უგუნურ ყრმებს, სასჯელად კიცხვა მოუვლინე.
- 26
მაგრამ, რაკი მამხილებელი კიცხვითაც გონს ვერ მოეგნენ, ღვთისგან დამსახურებული სასჯელი მიიღეს.
- 27
როცა ტანჯვა-წამებაში მყოფნი აღშფოთდნენ იმ ქმნილებებზე, რომლებიც ღმერთებად მიაჩნდათ, ახლა კი მათი მიზეზით იყვნენ დასჯილნი, აღიარეს ჭეშმარიტ ღმერთად იგი, ვის ცნობასაც ადრე უარობდნენ. ამიტომაც მოაწია მათზე საბოლოო განაჩენმა.