ივდითი 13
- 1
რომ მოსაღამოვდა, მორჩილნი მალე წავიდნენ და ბაგუამ გარედან ჩაკეტა კარავი. დაითხოვა გუშაგები თავისი ბატონისგან და ისინიც თავ-თავიანთი საწოლებისკენ გაემართნენ, რადგან ყველანი გასავათებული იყვნენ უზომო სმისაგან.
- 2
მარტო დარჩა ივდითი კარავში ოლოფერნესთან, რომელიც ღვინონასვამი გაშხლართული იყო თავის საწოლზე.
- 3
უთხრა ივდითმა თავის მხევალს, რომ საძინებლის გარეთ გამდგარიყო და დალოდებოდა მის გამოსვლას. როგორც ყოველდღე, ახლაც უთხრა, რომ სალოცავად გადიოდა, ბაგუასაც იგივე უთხრა.
- 4
ყველა წავიდ-წამოვიდა, არავინ დარჩენილა საძინებელში, არც მცირე, არც დიდი. დადგა ივდითი ოლოფერნეს საწოლთან და გულში თქვა: უფალო, ღმერთო ყოველთა ძალთაო, ახლა მოხედე ჩემ ხელთა საქმეს, იერუსალიმის ასამაღლებლად აღსასრულებელს.
- 5
სწორედ ახლა დადგა ჟამი, რომ შეეწიო შენს სამკვიდროს და აღასრულო ჩემი განზრახვა მტრების განადგურებისა, რომლებიც აღდგნენ ჩვენს წინააღმდეგ.
- 6
მივიდა იგი საწოლის სვეტთან, რომელიც ოლოფერნეს თავის მხარეს იყო, და ჩამოხსნა მასზე ჩამოკიდებული მახვილი.
- 7
მიუახლოვდა საწოლს, სწვდა თმებში და თქვა: გამაძლიერე მე, უფალო, ღმერთო ისრაელისაო, დღევანდელ დღეს.
- 8
მერე ორჯერ დაჰკრა კისერზე მთელი ძალით და თავი მოკვეთა.
- 9
გადააგორა მისი გვამი საწოლიდან და სვეტებიდან ჩამოაგდო გავალაკი. ცოტა ხნის მერე გამოვიდა და მისცა მოახლეს ოლოფერნეს თავი.
- 10
მან კი ჩააგდო იგი საგზლის გუდაში და ორივენი ერთად გავიდნენ, როგორც ჩვეულებისამებრ სალოცავად გადიოდნენ. გაიარეს ბანაკი, შემოუარეს ხევს, ავიდნენ ბეთულიას მთაზე და მის კარიბჭეს მიადგნენ.
- 11
შორიდანვე შესძახა ივდითმა მცველებს: გააღეთ, გააღეთ კარიბჭე, ჩვენთანაა ღმერთი. იგი მომადლებს ძლიერებას ისრაელს და დათრგუნავს მტრებს, როგორც დღევანდელ დღეს მოიმოქმედა.
- 12
როცა ქალაქის კაცებმა გაიგონეს მისი ხმა, ქალაქის კარიბჭისკენ გაეშურნენ და შეჰყარეს ქალაქის უხუცესები.
- 13
გამორბოდა ყველა, პატარა თუ დიდი, რადგან დაუჯერებელი იყო მათთვის მისი დაბრუნება. გააღეს კარიბჭე, შეეგებნენ მათ, აანთეს ცეცხლი გასანათებლად და გარსშემოეხვივნენ.
- 14
ხმამაღლა უთხრა მათ ივდითმა: ადიდეთ უფალი, ადიდეთ! ადიდეთ უფალი, რომელმაც არ მოაშორა თავისი წყალობა ისრაელის სახლს და ჩემი ხელით გაანადგურა მტრები ამ ღამეს.
- 15
ამოიღო თავი გუდიდან, აჩვენა მათ და უთხრა: აი, აშურელთა ჯარის მხედართმთავრის, ოლოფერნეს თავი და აი, გავალაკი, რომლის ქვეშაც იწვა გალეშილი. გაანადგურა იგი უფალმა ქალის ხელით.
- 16
იცოცხლოს უფალმა, რომელმაც დამიცვა ჩემს გზაზე, რომლითაც გავემართე, რათა დასაღუპავად მეცთუნებინა იგი ჩემი გარეგნობით, არ აღასრულებინა ცოდვა ჩემს შესაბილწად და შესარცხვენად.
- 17
ძლიერ განცვიფრდა მთელი ერი. მუხლი მოიდრიკეს, თაყვანი სცეს ღმერთს და თქვეს ერთხმად: კურთხეულ ხარ, ღმერთო ჩვენო, რომელმაც არარაობად აქციე შენი ერის მტრები დღევანდელ დღეს.
- 18
უთხრა მას ყუზიამ: კურთხეულ ხარ შენ, ასულო, მაღალი ღმერთისგან მთელი ქვეყნიერების ასულთა შორის და კურთხეულია უფალი ღმერთი, რომელმაც დაამკვიდრა ცანი და ქვეყანა, და წაგიძღვა, რომ ჩვენი მტრების მთავრისათვის თავი მოგეკვეთა.
- 19
არ მოაკლდება შენი იმედი ადამიანთა გულებს, რომელთაც უკუნისამდე ეხსომებათ ღმერთის ძლევამოსილება.
- 20
უფალმა მოგაგოს სანაცვლო საუკუნო პატივითა და კურთხევით, რომ სიცოცხლე გაიმეტე, როცა ჩვენი მოდგმა დამდაბლებული იყო, და შური იძიე ჩვენი დაცემისთვის და წრფელი გზით იარე ჩვენი ღმერთის წინაშე. შესძახა მთელმა ერმა: იქმნას, იქმნას.