ივდითი 12
- 1
ბრძანა ოლოფერნემ, შეეყვანათ იგი იქ, სადაც მისი ვერცხლის ჭურჭელი ეწყო. გაეშალათ მისთვის სუფრა მისი კერძეულისგან და მისი ღვინო მიეცათ სასმელად.
- 2
თქვა ივდითმა: არ შევჭამ ამას, რომ საფრთხე არ მოხდეს, ჩემს საგზალს ვიკმარებ.
- 3
უთხრა მას ოლოფერნემ, როცა შემოგაკლდება შენი საგზალი, რანაირად მოგაწოდოთ მაგის მსგავსი, რადგან არავინაა ჩვენთან შენი მოდგმისა.
- 4
მიუგო მას ივდითმა: შენმა სიცოცხლემ, ჩემო ბატონო, არ დახარჯავს შენი მორჩილი ყველაფერს, რაც თან აქვს, ვიდრე არ აღასრულებს უფალი ჩემი ხელით იმას, რაც განზრახული მაქვს.
- 5
შეიყვანეს იგი ოლოფერნეს მორჩილებმა კარავში და იძინა მან შუაღამემდე. გამთენიისას ადგა
- 6
და შეუთვალა ოლოფერნეს: ბრძანოს ჩემმა ბატონმა და სალოცავად წასვლის ნება დართოს თავის მორჩილს.
- 7
უბრძანა ოლოფერნემ მცველებს, არ დაებრკოლებინათ იგი. ასე დაჰყო მან ბანაკში სამი დღე. გადიოდა ღამით ბეთულიას ხეობაში და წყაროს წყალში განიბანებოდა.
- 8
როცა ამოვიდოდა წყლიდან, შესთხოვდა ისრაელის უფალ ღმერთს, წარემართა მისი გზა უფლის ერის ასამაღლებლად.
- 9
ბრუნდებოდა განბანილი და კარავში რჩებოდა, სანამ საღამოთი თავის საზრდოს მიიღებდა.
- 10
მეოთხე დღეს გამართა ოლოფერნემ ლხინი მხოლოდ თავის მორჩილთათვის და სხვას არავის უხმო იმათგან, ვისი მოწვევაც საჭირო იყო.
- 11
უთხრა ბაგუას, თავის საჭურისს, რომელიც მთელი მისი საბადებლის განმგებელი იყო: მიდი და არწმუნე ის ებრაელი ქალი, შენთან რომ იმყოფება, მოვიდეს და ჩვენთან ერთად ჭამოს და სვას.
- 12
სამარცხვინოა ჩვენთვის, რომ ასეთი ქალი ისე გავუშვათ, რომ არ დავუახლოვდეთ. თუ ვერ მოვიზიდავთ მას, დაგვცინებს კიდეც.
- 13
გავიდა ბაგუა ოლოფერნესგან, მივიდა ქალთან და უთხრა: ნუ აყოვნებს მშვენიერი მხევალი ჩემს ბატონთან მისვლას, რათა განდიდებულ იქნას მის წინაშე და სასიხარულოდ სვას ჩვენთან ერთად ღვინო და ისე მოიქცეს დღეს, როგორც იქცევიან აშურელი ქალიშვილები, რომლებიც ნაბუქოდონოსორის სახლში იმყოფებიან.
- 14
მიუგო მას ივდითმა: ვინ ვარ მე, უარი რომ ვუთხრა ჩემს უფალს. ყველაფერს უმალ გავაკეთებ, რაც მის თვალში უკეთესი იქნება, და სიკვდილის დღემდე სასიხარულოდ დამრჩება ეს.
- 15
ადგა, მოირთო სამოსითა და ყოველგვარი სადიაცო სამკაულით. გაუძღვა მისი მხევალი და დაუფინა მიწაზე ოლოფერნეს წინ ცხვრის ტყავი, რომელიც ბაგუას გამოართვა ყოველდღიური საჭიროებისათვის, რომ საჭმელის ჭამის დროს მასზე ინახით მჯდარიყო.
- 16
შევიდა და დაჯდა ივდითი. ოლოფერნეს გული შეუვარდა მასზე, სული აუფორიაქდა და ძლიერ მოუნდა დაუფლებოდა მას. მისი ნახვის დღიდანვე მარჯვე ჟამს ელოდა მის საცთუნებლად.
- 17
უთხრა მას ოლოფერნემ: სვი და იმხიარულე ჩვენთან ერთად.
- 18
მიუგო ივდითმა: შევსვამ, უფალო, რადგან ყველაზე მეტად დღეს ამაღლდა ჩემი სიცოცხლე, როგორც არასოდეს ჩემს დღეში.
- 19
აიღო და ჭამა და სვა მის წინაშე ყველაფერი, რაც მისმა მხევალმა მოუმზადა.
- 20
გახალისდა ოლოფერნე მისით და უზომოდ ბევრი ღვინო შესვა, თავის დღეში რომ არ დაელია, იმდენი.