ივდითი 14
- 1
უთხრა მათ ივდითმა: ისმინეთ ჩემი, ძმებო! აიღეთ ეს თავი და გამოჰკიდეთ თქვენი გალავნის ქონგურზე.
- 2
როცა გათენდება და მზე ამოანათებს ქვეყანაზე, აიღეთ თქვენ-თქვენი საბრძოლო აღჭურვილობა და ქალაქის გარეთ გადით ყველა ძლიერი მამაკაცი. წინ მეთაური გაიძღოლეთ, ვითომ დაბლობზე გადადიხართ, აშურელთა სადარაჯოებთან. ოღონდ ნუ გადახვალთ.
- 3
ამასობაში ისინი იარაღს აისხამენ, წავლენ თავიანთ ბანაკში და აშურის ჯარის წინამძღოლებს გააღვიძებენ. ოლოფერნეს კარვისკენ გავარდებიან და ვერ იპოვიან მას. შიშის ზარი დაეცემა მათ და უკუიქცევიან.
- 4
თქვენ და ყველამ, ვინც ისრაელის საზღვრებში მკვიდრობს, განდევნეთ და გაანადგურეთ ისინი თავიანთ გზებზე.
- 5
ვიდრე ამას მოიმოქმედებდეთ, მიხმეთ აქიორ ყამონელი, რათა შეხედოს და შეიცნოს ისრაელის სახლის შეურაცხმყოფელი და ის, ვინც სიკვდილივით იყო მოვლენილი ჩვენს წინააღმდეგ.
- 6
უხმეს აქიორს ყუზიას სახლიდან, როცა მოვიდა და ოლოფერნეს თავი დაინახა ხალხის კრებულში მყოფი ერთი კაცის ხელში, პირქვე დაემხო გულწასული.
- 7
როცა წამოაყენეს, დაემხო იგი ივდითის ფეხებთან, თაყვანი სცა მას და უთხრა: კურთხეულ ხარ მთელ იუდას სამკვიდრებელში და ყველა ხალხს შორის, რომლებიც გაოგნდებიან შენი სახელის გაგონებაზე!
- 8
ახლა კი მაუწყე, რა მოიმოქმედე ამ დღეებში. უამბო მას ივდითმა ხალხის თანდასწრებით ყველაფერი, რაც მოიმოქმედა გასვლის დღიდან იმ დრომდე, როცა მათ ესაუბრებოდა.
- 9
რომ დაასრულა ლაპარაკი, ხალხმა ხმამაღლა შეჰღაღადა და სიხარულის ხმა მოედო მათ ქალაქს.
- 10
როცა აქიორმა იხილა ყოველივე, რაც ისრაელის ღმერთმა მოიმოქმედა, ძლიერ ირწმუნა მისი, წინდაიცვითა და ისრაელის სახლს შეუერთდა. და ასეა დღემდე.
- 11
როგორც კი გათენდა, გალავანზე გამოჰკიდეს ოლოფერნეს თავი. ყველამ აიღო თავისი საჭურველი და, რაზმებად დაწყობილნი, მთის ასასვლელებისკენ გაემართნენ.
- 12
როცა აშურელებმა დაინახეს ისინი, ხალხი გაგზავნეს წინამძღოლებთან. ესენიც მივიდნენ სარდლებთან, ასისთავებთან და ყველა მათ მეთაურთან.
- 13
ოლოფერნეს კარავს რომ მიადგნენ, უთხრეს მის პირად მხლებელს: გააღვიძე ჩვენი უფალი, რადგან გაკადნიერდნენ მონები და ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდნენ, რათა საბოლოოდ ამოწყდნენ.
- 14
შევიდა ბაგუა და კარვის კარზე დააკაკუნა. ეგონა, ივდითთან ერთად ეძინა მას.
- 15
რომ არავინ გამოეპასუხა, გააღო და შევიდა საძინებელში. იატაკზე დაგდებული იპოვა იგი მკვდარი, თავმოკვეთილი.
- 16
ამოიგმინა ხმამაღალი, მოჰყვა ტირილსა და მოთქმას ძლიერ ხმაზე და ტანისამოსი შემოიგლიჯა.
- 17
შევიდა კარავში, რომელშიც ივდითი იმყოფებოდა და, რომ ვერ იპოვა იგი, გამოიჭრა ხალხისკენ და იყვირა:
- 18
დაღუპეს მონებმა! შესარცხვენი საქმე უყო ერთი ებრაელის დედაკაცმა ნაბუქოდონოსორ მეფის სახლს. აჰა, მიწაზე გდია ოლოფერნე, თავმოჭრილი!
- 19
ეს ამბავი ესმათ აშურის ლაშქრის მეთაურებს, ტანისამოსი შემოიგლიჯეს მათაც. ძლიერ შეშფოთდნენ და ძალზე ხმამაღალი მოთქმა-გოდება ასტეხეს შუაგულ ბანაკში.