გამოცხადება 5
- 1
და ვიხილე ტახტზე მჯდომის მარჯვენაში შიგნიდან და გარედან ნაწერი წიგნი, შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.
- 2
ვიხილე ძლიერი ანგელოზი, დიდი ხმით მაუწყებელი: "ვინ არის ამ წიგნის გადაშლისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი?”
- 3
და არავის შეეძლო არც ცაში, არც დედამიწაზე და არც მიწის ქვეშ ამ წიგნის გადაშლა ან მასში ჩახედვა.
- 4
ბევრი ვიტირე იმის გამო, რომ არ მოიძებნა ამ წიგნის გადაშლისა და მასში ჩახედვის ღირსი.
- 5
და მითხრა ერთმა უხუცესთაგანმა: "ნუ სტირი, აი გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი”.
- 6
შევხედე და, აჰა, ტახტსა და ოთხ ცოცხალ არსებას შორის და უხუცესებს შორის დგას კრავი, როგორც დაკლული, შვიდი რქა და შვიდი თვალი აქვს, რომლებიც ღვთის შვიდი სულია, წარმოგზავნილნი მთელ დედამიწაზე.
- 7
მივიდა და აიღო წიგნი ტახტზე მჯდომის მარჯვენიდან.
- 8
წიგნი რომ აიღო, ოთხი არსება და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინ; ყოველ მათგანს ხელში ქნარი და საკმევლით სავსე ოქროს თასი ეჭირა, რაც წმიდათა ლოცვებია.
- 9
ისინი გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ: "შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისთვის ყოველი ტომისა და ენისგან, ხალხისა და ერისგან.
- 10
და გვქმენი ჩვენ სამეფოდ და მღვდლებად ჩვენი ღმერთისთვის, და ვიმეფებთ დედამიწაზე”.
- 11
ვიხილე და მოვისმინე მრავალი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველებისა და უხუცესების ირგვლივ; და მათი რიცხვი იყო ათიათასთა ათიათასები და ათასთა ათასები;
- 12
დიდი ხმით ამბობდნენ: "ღირსია დაკლული კრავი ძალისა და სიმდიდრის, სიბრძნისა და სიმტკიცის, დიდების, პატივისა და კურთხევის მიღებისა”.
- 13
და გავიგონე, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში და დედამიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია, ამბობდა: "ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება და ხელმწიფება უკუნითი უკუნისამდე”.
- 14
და თქვა ოთხმა არსებამ: "ამინ!” და დაემხო ოცდაოთხი უხუცესი და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე.