გამოცხადება 4
- 1
ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, ღია კარი ცაში და ხმამ, პირველად საყვირივით რომ შემომესმა, მითხრა: "აქ ამოდი და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ”.
- 2
მყისვე სულში აღმოვჩნდი და, აჰა, ტახტი დგას ცაში და ვიღაც ზის ტახტზე.
- 3
მჯდომი შესახედაობით იასპის ქვასა და სარდიონს წააგავს; ხოლო ტახტს ირგვლივ შემორტყმული ცისარტყელა შესახედაობით ზურმუხტს ჰგავს.
- 4
ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი დგას, ხოლო ტახტებზე ოცდაოთხი უხუცესი ზის; თეთრი სამოსი აცვიათ და თავზე ოქროს გვირგვინები ადგათ.
- 5
ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი; ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ლამპარი ანთია, რომლებიც შვიდი სულია ღვთისა.
- 6
ტახტის წინ ბროლის მსგავსი მინის ზღვაა, ტახტის შუაში და ტახტის ირგვლივ - ოთხი ცოცხალი არსება, წინიდან და უკნიდან თვლებით სავსე.
- 7
პირველი არსება ლომს ჰგავს, მეორე - ხარს, მესამეს ადამიანის სახე აქვს, მეოთხე მფრინავ არწივს ჰგავს.
- 8
ამ ოთხი ცოცხალი არსებიდან თითოეულს ექვსი ფრთა ასხია, ირგვლივ და შიგნიდან თვალებით არიან სავსენი; არც დღისით, არც ღამით არა აქვთ მოსვენება; ამბობენ: "წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა”.
- 9
როცა არსებანი დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიან ტახტზე მჯდომს, ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე,
- 10
ოცდაოთხი უხუცესი ემხობა ტახტზე მჯდომის წინ და თაყვანს სცემს უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს, თავიანთ გვირგვინებს ამხობენ ტახტის წინ და ამბობენ:
- 11
"ღირსი ხარ უფალო, და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე, შენი ნებით არსებობენ და იქმნენ”.