გამოცხადება 3
- 1
"სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, ვისაც ღვთის შვიდი სული და შვიდი ვარსკვლავი აქვს: ვიცი შენი საქმენი, რომ ცოცხალის სახელი გაქვს, შენ კი მკვდარი ხარ.
- 2
გამოფხიზლდი და განამტკიცე ის, რაც დაგრჩა და სიკვდილის პირასაა: ვინაიდან ვერ ვხედავ, რომ შენი საქმენი აღსრულებული იყოს ჩემი ღმერთის წინაშე.
- 3
გაიხსენე, რაც მიიღე და მოისმინე, და დაიცავი და მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც ქურდი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ.
- 4
თუმცა გყავს სარდეში რამდენიმე კაცი, სამოსი რომ არ წაუბილწავთ; ისინი ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, რადგან ღირსნი არიან.
- 5
გამარჯვებული ჩაიცვამს თეთრ სამოსელს, მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე”.
- 6
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
- 7
"ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, წმიდა, ჭეშმარიტი, დავითის გასაღების მქონე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს:
- 8
ვიცი შენი საქმენი; აჰა, მოგეცი შენს წინაშე ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს; მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.
- 9
აჰა, გადმოგცემ სატანის სინაგოგიდან მათ, ვინც იუდეველს უწოდებს თავის თავს და არ არის, არამედ ცრუობს. აჰა, ისე მოვაწყობ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შეგიყვარე.
- 10
რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისგან, რომელიც მოვა მთელს ქვეყანაზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი.
- 11
აჰა, მალე მოვალ; გეჭიროს, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი.
- 12
გამარჯვებულს სვეტად დავადგენ ჩემი ღმერთის ტაძარში, და გარეთ აღარ გავა; დავაწერ ჩემი ღმერთის სახელს და ჩემი ღმერთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღმერთისგან, და ჩემს ახალ სახელს”.
- 13
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
- 14
"ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო ამინი, ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე, ღმერთის ქმნილების დასაბამი:
- 15
ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ, არც ცხელი; ო, ნეტა ან ცივი იყო ან ცხელი!
- 16
მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან.
- 17
რადგან ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი.
- 18
გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსელი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა იცხო თვალებზე, რომ დაინახო.
- 19
ვინც მიყვარს, მათ ვამხელ და ვწვრთნი. აბა, იყავი მოშურნე და მოინანიე.
- 20
აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.
- 21
გამარჯვებული ჩემთან ერთად დაჯდება ჩემს ტახტზე, ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე”.
- 22
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.