გამოცხადება 6
- 1
შემდეგ ვიხილე, რომ ახსნა კრავმა შვიდთაგან ერთი ბეჭედი და გავიგონე ოთხიდან ერთი არსება თითქოს ქუხილის ხმით ამბობდა: "მოდი!”
- 2
შევხედე და, აჰა, თეთრი ცხენი და ზედ მხედარი, რომელსაც მშვილდი ეჭირა და მიცემული ჰქონდა გვირგვინი; გამოვიდა გამარჯვებით, რათა გაიმარჯვოს.
- 3
ახსნა მეორე ბეჭედი და გავიგონე მეორე არსების ხმა; რომელიც ამბობდა: "მოდი და იხილე!”
- 4
გამოვიდა მეორე ცხენი, ალისფერი; და მიეცა მის მხედარს დედამიწიდან მშვიდობის წაღების ნება, რათა ერთმანეთი დაეხოცათ; და მიეცა დიდი მახვილი.
- 5
მესამე ბეჭედი რომ ახსნა, მესამე არსების ხმა მომესმა, რომელიც ამბობდა: "მოდი და იხილე!” და ვიხილე, აჰა, შავი ცხენი და მის მხედარს სასწორი უჭირავს ხელში.
- 6
და მომესმა მსგავსი ხმისა ოთხი არსების შუაგულიდან, რომელიც ამბობდა: "საწყაო ხორბალი დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ზეთსა და ღვინოს ნურას ავნებ”.
- 7
როცა მეოთხე ბეჭედი ახსნა, მომესმა მეოთხე არსების ხმა, რომელიც ამბობდა: "მოდი და იხილე!”
- 8
შევხედე და, აჰა, ფერმიხდილი ცხენი და მისი მხედარი; სახელი მისი - სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოჰყვებოდა მას და მიეცა ხელმწიფება დედამიწის მეოთხედ ნაწილზე, რომ დაეხოცა მახვილითა და შიმშილით, ჭირითა და მიწის მხეცებით.
- 9
მეხუთე ბეჭედი რომ ახსნა, დავინახე სამსხვერპლოს ქვეშ ღვთის სიტყვისა და იმ მოწმობისთვის მოკლულთა სულები, მათ რომ ჰქონდათ.
- 10
დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: "ხელმწიფევ, წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის?”
- 11
და მიეცა თითოეულ მათგანს თეთრი სამოსი და ეთქვა მათ, რომ დამშვიდებულიყვნენ ცოტა ხანს, ვიდრე მათი თანამსახურნი და მათი ძმები არ გაასრულებენ რიცხვს და მათსავით არ მოიკვლებიან.
- 12
როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, ვიხილე, აჰა, დიდი მიწისძვრა მოხდა, მზე გაშავდა, როგორც ბალნის ძაძა, და მთვარე მთლიანად სისხლივით გაწითლდა.
- 13
ცის ვარსკვლავები მიწაზე ჩამოცვივდნენ, როგორც ძლიერი ქარით შერხეულ ლეღვის ხეს გასცვივა მკვახე ლეღვი.
- 14
და გარდახდა ცა დაგრაგნილი წიგნივით; და ყოველი მთა და კუნძული დაიძრა თავისი ადგილიდან.
- 15
დედამიწის მეფეები და მთავრები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებში შეიმალნენ.
- 16
და ეუბნებოდნენ მთებსა და კლდეებს: "ზედ დაგვეცით და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისგან და კრავის რისხვისგან;
- 17
რადგან დადგა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?”