ებრაელთა 4
- 1
ამიტომ გვეშინოდეს, რათა, ვიდრე მის სიმშვიდეში შესასვლელი აღთქმა რჩება, ვინმე თქვენგანი დაგვიანებული არ აღმოჩნდეს.
- 2
რადგან კი გვეხარა, როგორც მათ, მაგრამ მოსმენილ სიტყვას სარგებლობა არ მოუტანია მათთვის, რადგან მსმენელთა რწმენას არ შეერწყა.
- 3
სიმშვიდეში კი შევდივართ მორწმუნენი, როგორც მან თქვა: "ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში”; თუმცა ღვთის საქმენი დასრულებულნი იყვნენ ჯერ კიდევ წუთისოფლის დასაბამიდან.
- 4
ვინაიდან სადღაც ასე აქვს ნათქვამი მეშვიდე დღეზე: "და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი თავისი საქმისგან”.
- 5
და კიდევ, იქვე: "ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში”.
- 6
ჰოდა, რაკი ზოგისთვის დღემდე რჩება შესასვლელი, ისინი კი, უწინ რომ ეხარათ, ურჩობის გამო ვერ შევიდნენ,
- 7
კვლავ აწესებს გარკვეულ დღეს და ამბობს დავითის მეშვეობით: "დღეს, - ესოდენ ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი - თუ გაიგონებთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს”.
- 8
რადგან იეშუა ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის სიმშვიდე, ამის შემდეგ სხვა დღეზე აღარაფერს იტყოდა.
- 9
ესეიგი, შაბათის სიმშვიდე კვლავ რჩება ღვთის ხალხისთვის.
- 10
ვინაიდან ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მანაც ისევე დაისვენა თავისი საქმეებისგან, როგორც ღმერთმა თავისისგან.
- 11
მაშ, ვეცადოთ იმ სიმშვიდეში შესვლას, რათა მათ მსგავსად ურწმუნოებით არ დავეცეთ.
- 12
ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განსჯის გულის ზრახვებსა და აზრებს.
- 13
და არ არის ქმნილება მისგან დაფარული; ყოველივე გაშიშვლებული და გახსნილია მისი თვალებისთვის, ვის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებულნი.
- 14
გვყავს რა დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც ზეცა განვლო, - იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ გვეპყრას ჩვენი აღსარება.
- 15
ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგრძნობა ჩვენს უძლურებაში, ის ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში, გარდა ცოდვისა.
- 16
ამიტომ, გაბედულად მივეახლოთ მადლის ტახტს, რომ მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შემწეობისათვის.