ებრაელთა 3
- 1
ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური მოწოდების ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, იესო ქრისტეს,
- 2
რომელიც თავისი განმწესებლის ერთგულია ისევე, როგორც მოსე მთელ მის სახლში.
- 3
რადგან ის მოსესთან შედარებით მეტი დიდების ღირსია ისევე, როგორც სახლზე მეტი პატივი აქვს სახლის ამშენებელს;
- 4
ვინაიდან ყოველ სახლს ვიღაც აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია.
- 5
მოსეც ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახურს შეეფერება, იმის დასამოწმებლად, რაც უნდა თქმულიყო;
- 6
ხოლო ქრისტე - როგორც ძე მის სახლში; ჩვენ კი მისი სახლი ვართ, თუ ბოლომდე მტკიცედ შევინახავთ გაბედულებასა და იმედის სიამაყეს.
- 7
ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს: "დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას,
- 8
ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს,
- 9
სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს.
- 10
ამიტომ განვრისხდი იმ მოდგმაზე და ვთქვი: მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს ჩემი გზა.
- 11
ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას: ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში”.
- 12
თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.
- 13
არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის "დღესო”, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით.
- 14
ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე.
- 15
ვიდრეღა ითქმის: "დღეს, როცა მის ხმას მოისმენთ, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხისას”.
- 16
ვინ იყო, რომ მოისმინა და აჯანყდა? ყველა ხომ იმათგან იყო, ვინც მოსეს მიერ გამოვიდა ეგვიპტიდან?
- 17
მაშ, ვიღაზე მრისხანებდა იგი ორმოც წელიწადს? თუ არა ცოდვის ჩამდენებზე, რომელთა ძვლებიც უდაბნოში დაიყარა?
- 18
ვის დაუფიცა, რომ ვერ შევიდოდნენ მის სიმშვიდეში, თუ არა ურჩებს?
- 19
და ჩვენ ვხედავთ, რომ მათ მართლა ვერ შეძლეს შესვლა ურწმუნოების გამო.