ებრაელთა 5
- 1
ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი, ადამიანთაგან ამორჩეული, ადამიანთათვის არის დადგენილი ღვთის სამსახურში, რათა შესწიროს ძღვენი და მსხვერპლი ცოდვებისათვის,
- 2
მას ძალუძს შეიწყნაროს უმეცრები და გზასაცდენილნი, ვინაიდან თვითონაც სისუსტითაა მოცული.
- 3
ამიტომ, ვალდებულია ცოდვების გამოსასყიდი მსხვერპლი ხალხისთვისაც შესწიროს და თავისთვისაც.
- 4
და არავინ თავისით არ ღებულობს ამ პატივს, არამედ ის, ვინც ღმერთის მიერაა მოწოდებული, როგორც აჰარონი.
- 5
არც ქრისტეს განუდიდებია თავი, რომ მღვდელმთავარი გამხდარიყო, არამედ იმან, ვინც უთხრა მას: "ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ”.
- 6
როგორც სხვა ადგილასაც ამბობს: "შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”.
- 7
მან ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადითა და ცრემლით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო.
- 8
და თუმცა ძე იყო, ტანჯვის მეშვეობით ისწავლა მორჩილება.
- 9
და სრულქმნილი, მარადიული გადარჩენის მიზეზი შეიქმნა ყველა მისი მორჩილისთვის.
- 10
და ღვთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით.
- 11
ბევრი გვაქვს სალაპარაკო ამის შესახებ, მაგრამ ძნელია განმარტება, რადგან ყურმძიმენი გახდით.
- 12
ვინაიდან დროის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უკვე მასწავლებლები უნდა ყოფილიყავით, მაგრამ თქვენ ჯერ ისევ ღვთის სიტყვის პირველსაწყისები გაქვთ შესასწავლი. მაგარი საჭმელი კი არა, რძე გჭირდებათ.
- 13
რადგან ყოველი, ვინც რძით იკვებება, ჩვილია და არ აქვს გამოცდილება სიმართლის სიტყვის გასაგებად.
- 14
მაგარი საჭმელი განკუთვნილია მოწიფულთათვის, რომელთა გრძნობები ჩვევით არიან გაწაფული კეთილისა და ბოროტის გასარჩევად.