2 ტიმოთე 2
- 1
ჰოდა, ჩემო შვილო, გაძლიერდი მადლში, ქრისტე იესოში რომ არის.
- 2
და რაც მრავალი მოწმის თანდასწრებით მოისმინე ჩემგან, ის გადაეცი ერთგულ ადამიანებს, რომელთაც სხვათა განსწავლის უნარიც ექნებათ.
- 3
ტანჯვაშიც ეზიარე, როგორც იესო ქრისტეს კეთილმა მეომარმა.
- 4
არც ერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა ასიამოვნოს მხედართმთავარს.
- 5
ხოლო, კიდეც რომ იასპარეზოს ვინმემ, გვირგვინს ვერ მიიღებს, თუ წესების გარეშე იასპარეზებს.
- 6
მიწის მუშაკი პირველი უნდა ეზიაროს ნაყოფებს.
- 7
დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე, რადგან უფალი მოგცემს გაგებას ყველაფერში.
- 8
გახსოვდეს იესო ქრისტე დავითის თესლისგან, მკვდრეთით აღმდგარი ჩემი სახარების მიხედვით.
- 9
ვისთვისაც ვიტანჯები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვა არ იბორკება.
- 10
ამიტომ ყოველივეს ვითმენ რჩეულებისთვის, რათა მათაც მიიღონ გადარჩენა ქრისტე იესოში, საუკუნო დიდებასთან ერთად.
- 11
სარწმუნოა სიტყვა - თუ მასთან ერთად დავიხოცეთ, მასთან ერთად ვიცოცხლებთ კიდეც!
- 12
თუ მოვითმენთ, მასთან ერთად ვიმეფებთ კიდეც! თუ უარვყოფთ, ისიც უარგვყოფს ჩვენ!
- 13
თუ ჩვენ არ ვერწმუნებით, ის მაინც სარწმუნოდ რჩება, ვინაიდან არ ძალუძს საკუთარი თავის უარყოფა.
- 14
ეს გახსოვდეს, ღვთის წინაშე დამოწმებისას ნუ იკინკლავებთ, რადგან სრულიად უსარგებლოა და ანადგურებს მსმენელთ.
- 15
ესწრაფე წარუდგინო ღმერთს შენი თავი გამონაცად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად.
- 16
მოერიდე ბილწ და ფუჭ მოლაყბეებს, რომლებიც სულ უფრო მიიწევენ უღმერთობისკენ.
- 17
მათი სიტყვა მთქვლეფავი სრსვილივითაა; ასეთები არიან ჰიმენევსი და ფილეტოსი,
- 18
რომლებიც განუდგნენ ჭეშმარიტებას და ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო და აუკუღმართებენ ზოგიერთების რწმენას.
- 19
ღვთის მტკიცე საფუძველი კი ურყევი რჩება და აქვს ეს ბეჭედი: "იცნო უფალმა თავისიანები და განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს”.
- 20
დიდ სახლში მხოლოდ ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი არ არის, ასევეა ხისა და თიხისაც, ზოგი საპატიოდ სახმარი, ზოგიც - არასაპატიოდ.
- 21
ამრიგად, ვინც ამათგან გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმედილი და ხელმწიფისთვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისთვის.
- 22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.
- 23
სულელურ და უმეცარ პაექრობებს მოერიდე, იცოდე, რომ ისინი მხოლოდ უთანხმოებებს ბადებენ.
- 24
მონას ღვთისას კი ჩხუბი არ მართებს, არამედ შემწყნარე უნდა იყოს ყველას მიმართ და მოთმინებით დამმოძღვრავი.
- 25
სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ, იქნებ მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად,
- 26
რათა გონს მოეგონ და გათავისუფლდნენ ეშმაკის მახიდან, რომელმაც საკუთარი ნებისამებრ დაატყვევა ისინი.