2 ტიმოთე 1
- 1
პავლე, ღმერთის ნებით ქრისტე იესოს მოციქული, სიცოცხლის აღთქმისამებრ ქრისტე იესოში,
- 2
ტიმოთეს, საყვარელ შვილს - მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსგან.
- 3
ვმადლობ ღმერთს, რომელსაც წმიდა სინდისით ვემსახურები წინაპრებივით და განუწყვეტლივ გიხსენებ ჩემს ლოცვებში ღამით და დღისით.
- 4
ვიხსენებ რა შენს ცრემლებს, მენატრება შენი ნახვა, რათა აღვივსო სიხარულით.
- 5
მახსენდება შენი წრფელი რწმენა, უწინ დიდედაშენ ლოისში და დედაშენ ევნიკეში რომ იყო დამკვიდრებული და მწამს, რომ იგი შენშიცაა;
- 6
ამ მიზეზით შეგახსენებ, გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში;
- 7
რადგან არ მოგვცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
- 8
მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის მოწმობისა, ასევე ნურც ჩემი - მისი პატიმრისა, არამედ იტანჯე ჩემთან ერთად სახარებისთვის ღვთის ძალით,
- 9
რომელმაც გვიხსნა ჩვენ და მოგვიხმო წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი განზრახვითა და მადლით, რომელიც მოგვცა ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინ;
- 10
ახლა კი გამოგვეცხადა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოჩენით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სინათლე მოფინა სიცოცხლეს და უკვდავებას სახარების მეშვეობით,
- 11
რომლის მოქადაგედ, მოციქულად და მასწავლებლადაც ვარ დადგენილი.
- 12
ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არ მრცხვენია, რადგან ვიცი ვინ ვიწამე, და მწამს, რომ ძალუძს მას იმ დღემდე დაიცვას ის საწინდარი, რომელიც მომენდო.
- 13
ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენითა და სიყვარულით, რომლებიც ქრისტე იესოშია.
- 14
შეინახე კეთილი საწინდარი სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში.
- 15
ეს იცი, რომ ყველამ მიმატოვა აზიაში, მათ შორის ფიგელოსმა და ჰერმოგენემაც.
- 16
უფალმა მისცეს წყალობა ონისიფორეს სახლეულს, ვინაიდან მრავალჯერ გამამხნევა მან და არ შერცხვა ჩემი ბორკილებისა,
- 17
არამედ რომში მოსულმა გულმოდგინედ მეძება და მომნახა.
- 18
ინებოს ღმერთმა, რომ უფლის მიერი წყალობა ჰპოვოს იმ დღეს; ხოლო ეფესოში როგორც იმსახურა, შენ უკეთ იცი.