1 ტიმოთე 6
- 1
უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა თვლიდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმობოდეს ღვთის სახელი და მოძღვრება.
- 2
ის კი, ვისაც მორწმუნე ბატონი ჰყავს, ნუ უგულებელჰყოფს მას, აქაოდა ძმა არისო, არამედ უფრო მეტად ემსახუროს, ვინაიდან მორწმუნენი - საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე.
- 3
ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჯანსაღ სიტყვებსა და ღვთისმოსაობის სწავლებას,
- 4
ის ამპარტავანია და არაფერი იცის, მხოლოდ კამათისა და პაექრობის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი,
- 5
ფუჭი კამათი გარყვნილი გონების მქონე და ჭეშმარიტებას მოკლებულ კაცთა შორის, რომელთაც ღვთისმოსაობა მოსახვეჭი რამ ჰგონიათ. ერიდე ასეთ ადამიანებს.
- 6
აჰა, დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად!
- 7
რადგან არც არაფერი მოგვიტანია წუთისოფლად და ვერც ვერაფერს წავიღებთ მისგან.
- 8
ამიტომ თუ საზრდო და ტანსაცმელი გვაქვს, დავჯერდეთ ამას.
- 9
გამდიდრების მსურველნი კი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, ასევე მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც გასანადგურებლად და დასაღუპად ითრევენ ადამიანს;
- 10
ვინაიდან ვერცხლისმოყვარეობაა ყოველგვარი ბოროტების ფესვი და ზოგიერთები, ვინც ამან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს.
- 11
შენ კი, ღვთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს.
- 12
იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც ხარ მოწოდებული, და მრავალი მოწმის წინაშე აღიარე კეთილი აღსარება.
- 13
გამცნებ შენ ღვთის წინაშე, რომელიც აცოცხლებს ყოველს, და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც დაამოწმა კეთილი აღსარება პონტოელი პილატეს წინაშე,
- 14
დაიცავი მცნება უბიწოდ და უმწიკვლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოჩენამდე,
- 15
რასაც თავის დროზე წარმოაჩენს კურთხეული და ერთადერთი ხელმწიფე, მეფეთა მეფე და უფალთა უფალი,
- 16
ერთადერთი, ვისაც უკვდავება აქვს და მკვიდრობს მიუღწეველ სინათლეში, რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუძს მისი ხილვა; მას პატივი და საუკუნო ხელმწიფება, ამინ!
- 17
მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ - ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,
- 18
ქველმოქმედებისა და კეთილი საქმეებით გამდიდრებისთვის, რათა გულუხვნი იყვნენ და გამზიარებელნი.
- 19
დაიუნჯებენ რა მტკიცე საძირკვლად მომავლისთვის, რათა მიიღონ ჭეშმარიტი სიცოცხლე.
- 20
ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს,
- 21
ზოგიერთებმა რომ აღიარეს და რწმენას ჩამოშორდნენ. მადლი შენთან, ამინ!