1 ტიმოთე 5
- 1
ბერიკაცს ნუ შერისხავ, არამედ შეაგონე, როგორც მამა, ყმაწვილკაცები კი - როგორც ძმები,
- 2
დედაკაცები - როგორც დედები, ყმაწვილქალები - როგორც დები, მთელი სიწმიდით.
- 3
პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილი ქვრივები არიან.
- 4
ხოლო თუ შვილები ან შვილიშვილები ჰყავს ქვრივს, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისთვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის.
- 5
ნამდვილი ქვრივი, რომელიც მარტო დარჩა, ღმერთზეა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს.
- 6
განცხრომას მიცემული კი ცოცხლად მკვდარია.
- 7
ეს ამცნე, რათა ბრალდაუდებელნი იყვნენ.
- 8
ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.
- 9
ქვრივებად უნდა ჩაითვალონ არანაკლებ სამოცი წლისანი, ერთი ქმრის ნაცოლარნი,
- 10
თავისი კარგი საქმეებით ცნობილნი, შვილები რომ გამოუზრდია, მწირთათვის უმასპინძლია, ფეხები უბანია წმიდათათვის, გაჭირვებულებს დახმარებია და ყოველგვარ კეთილ საქმეს მიჰყოლია.
- 11
ახალგაზრდა ქვრივები კი არ მიიღო, რადგან, როცა ქრისტეს საწინააღმდეგო აღგზნება დაეუფლებათ, გათხოვება უნდებათ.
- 12
ისინი განისჯებიან, ვინაიდან უარყვეს თავიანთი პირვანდელი რწმენა.
- 13
და კიდევ, უსაქმურობაში კარდაკარ სიარულს ეჩვევიან, და მარტო უსაქმურნი კი არა, ყბედნი და ცნობისმოყვარენიც ხდებიან, და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ არის მართებული.
- 14
ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და მტერს ლანძღვის არანაირი საბაბი არ მისცენ.
- 15
ვინაიდან ზოგიერთი მათგანი სატანის კვალს გაჰყვა.
- 16
თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ჰყავს ქვრივი ახლობლები, დაეხმაროს მათ, რათა ტვირთად არ დააწვნენ ეკლესიას და ნამდვილ ქვრივებს მიეხედოს.
- 17
ხუცესნი, რომლებიც წესიერად მმართველობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, განსაკუთრებით კი ისინი, ქადაგებითა და დამოძღვრით რომ შრომობენ.
- 18
ვინაიდან წერილი ამბობს: "პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს”; და კიდევ: "მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა”.
- 19
ხუცესებზე ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ ორი ან სამი მოწმე არ იქნება.
- 20
შემცოდენი ამხილე ყველას წინაშე, რათა სხვებმაც იქონიონ შიში.
- 21
ვმოწმობ ღმერთის, უფალ იესო ქრისტესა და რჩეულ ანგელოზთა წინაშე, რომ წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე დაიცვა ჩემი რჩევები და მიკერძოებით არაფერი გააკეთო.
- 22
არავის დაასხა ხელი ნაჩქარევად და სხვათა ცოდვების მოზიარე არ გახდე; წმიდად შეინახე თავი.
- 23
ამიერიდან მარტო წყალს ნუღარ დალევ, ცოტა ღვინოც იხმარე შენი კუჭისა და შენი ხშირი უძლურების გამო.
- 24
ზოგიერთი ადამიანის ცოდვები წინასწარვე ცხადნი არიან და სამსჯავროსკენ მიუძღვიან წინ, ზოგიერთს კი უკან მისდევენ.
- 25
ასევე კეთილი საქმეებიც წინასწარ ცხადნი არიან, და თუ არა, მაინც ვერ დაიმალებიან.