2 ტიმოთე 3
- 1
ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი,
- 2
ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,
- 3
ერთმანეთის მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, გასასტიკებულნი, კეთილის მოძულენი,
- 4
მოღალატენი, თავხედნი, გაბღენძილნი, ღმერთზე მეტად სიამეთა მოყვარულნი,
- 5
გარეგნულად ღვთისმოსავნი, სინამდვილეში კი ღმერთის ძალის უარმყოფელნი. ასეთებს ერიდე.
- 6
რადგან ამათთაგან არიან, სახლებში რომ იპარებიან და ატყვევებენ უგუნურ ქალებს - ცოდვებში ჩაფლულებსა და სხვადასხვაგვარი გულისთქმებით მართულებს;
- 7
რომლებიც მუდამ სწავლობენ, თუმცა ვერასოდეს აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას.
- 8
როგორც იანე და იამბრე წინაღუდგნენ მოსეს, ასევე ესენიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას; გონებით გახრწნილი ადამიანები, რწმენაში უმეცარნი.
- 9
მაგრამ ისინი მეტად ვეღარ წაიწევენ წინ, რადგან მათი უგუნურება თავს იჩენს ყველას წინაშე, როგორც იმ ორს დაემართა.
- 10
შენ კი მე მომყვებოდი მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, რწმენაში, მოთმინებაში, სიყვარულში, გამძლეობაში,
- 11
დევნაში, ტანჯვებში, რაც შემემთხვა ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრაში; რა დევნანი არ გადავიტანე, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა;
- 12
და ყველა, ვისაც სურს ღვთისმოსაობით იცხოვროს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება.
- 13
ხოლო ბოროტი ადამიანები და თვითმარქვიები წინ წაიწევენ უარესისკენ, სხვებსაც შეაცდენენ და თავადაც ცდუნდებიან.
- 14
შენ კი დარჩი იმაში, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ, ვინაიდან იცი, ვისგან ისწავლე;
- 15
რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება გადასარჩენად ქრისტე იესოს რწმენის მეშვეობით,
- 16
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში.
- 17
რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის.