დაბადება 9
- 1
აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძენი და უთხრა: "ინაყოფიერეთ, იმრავლეთ, და აავსეთ დედამიწა”.
- 2
ჰქონდეს თქვენი შიში და ძრწოლა ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა არსებას, რაც დედამიწაზე იძვრის; და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთაა მოცემული.
- 3
ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება - საჭმელად გქონდეთ, ისევე როგორც მწვანე ბალახი. თქვენ გაძლევთ ყველაფერს.
- 4
მაგრამ ნუ შეჭამთ ხორციელს მის სიცოცხლესთან ერთად, რომელიც მისი სისხლია.
- 5
უსათუოდ მოვიკითხავ თქვენ სისხლს, რომელშიც თქვენი სიცოცხლეა, ყოველი მხეცისაგან და ადამიანისაგან, მისი მოძმისგანაც მოვიკითხავ ადამიანის სიცოცხლეს.
- 6
ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, მისი სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.
- 7
თქვენ კი ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოშენდით დედამიწაზე და მომრავლდით მასზე”.
- 8
და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის ძეებს მასთან ერთად:
- 9
"აჰა, აღთქმას ვდებ თქვენთან და თქვენს შთამომავლობასთან,
- 10
ყოველ სულდგმულთან, რომელიც თქვენთანაა: ფრინველთან, პირუტყვთან და მიწის ყოველ მხეცთან, რომელიც თქვენთანაა, ყველასთან, ვინც კიდობნიდან გამოვიდა.
- 11
აღთქმას გიდებთ, რომ ამიერიდან წარღვნის წყლებით არცერთი ხორციელი აღარ მოისპობა და წარღვნა აღარასოდეს მოხდება დედამიწის დასაღუპად”.
- 12
თქვა ღმერთმა: "ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ თქვენთან და ყოველ ცოცხალ არსებასთან, სამარადისო აღთქმა იმ თაობებთან, რომლებიც მოვლენ:
- 13
ჩემი ცისარტყელა დავადგინე ღრუბლებში და ის იქნება ჩემსა და დედამიწას შორის დადებული აღთქმის ნიშანი.
- 14
როცა გადავაფარებ ღრუბლებს დედამიწას და გამოჩნდება ღრუბლებში ცისარტყელა,
- 15
გავიხსენებ აღთქმას, რომელიც ჩემსა და თქვენ შორის, ყოველ ცოცხალ არსებასა და ხორციელს შორის დავდე, და აღარ იქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპად.
- 16
გამოჩნდება ცისარტყელა ღრუბლებში, დავინახავ მას და გავიხსენებ საუკუნო აღთქმას ღმერთსა და ყოველ მიწიერ ხორციელ არსებას შორის, რაც კი არის დედამიწაზე”.
- 17
და უთხრა ღმერთმა ნოეს: "ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელიც დავდე ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის, რომელიც კი ცხოვრობს დედამიწაზე”.
- 18
ესენი იყვნენ ნოეს ძენი, რომლებიც კიდობნიდან გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. და იყო ქამი ქანაანის მამამთავარი.
- 19
ეს სამნი იყვნენ ნოეს ძეები; და მათგან იქნა დასახლებული მთელი დედამიწა.
- 20
დაიწყო ნოემ მიწის დამუშავება და გააშენა ვენახი.
- 21
დალია ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.
- 22
დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამამისის სიშიშვლე და შეატყობინა თავის ორ ძმას, რომლებიც კარვის გარეთ იყვნენ.
- 23
აიღეს სემმა და იაფეთმა მამის სამოსელი, და დაიდეს მხრებზე, და წავიდნენ პირუკუ, და დაფარეს თავიანთი მამის სიშიშვლე. და რადგან პირი უკან ჰქონდათ მიმართული არ დაუნახავთ თავიანთი მამის სიშიშვლე.
- 24
გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, როგორ მოექცა მას უმცროსი ძე.
- 25
თქვა: "წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მსახურთა მსახური იყოს!”.
- 26
და თქვა: "კურთხეულია უფალი, სემის ღმერთი; მის მსახურად იყოს ქანაანი.
- 27
განავრცოს ღმერთმა იაფეთი და სემის კარვებში დაემკვიდროს. მის მსახურად იყოს ქანაანი.
- 28
იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი.
- 29
და იყო ნოეს დღეები სულ ცხრაას ორმოცდაათი წელი და გარდაიცვალა.