დაბადება 8
- 1
და გაიხსენა ღმერთმა ნოე, ასევე ყოველი ცხოველი და ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყვნენ კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქარი დედამიწაზე და დაცხრა წყალი.
- 2
დაიხშნენ უფსკრულის წყაროები და ცის სარკმელნი და შეწყდა წვიმა ციდან.
- 3
უკუიქცა წყალი დედამიწიდან და იკლო წყალმა ას ორმოცდამეათე დღის ბოლოს.
- 4
დაესვენა კიდობანი არარატის მთაზე, მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს.
- 5
იკლებდა წყალი მეათე თვემდე; და გამოჩნდა მთის მწვერვალები მეათე თვის პირველ დღეს.
- 6
ორმოცი დღის დასასრულს, გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა გაკეთებული.
- 7
და გამოუშვა ყორანი, რომელიც მიფრინავდა და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი მიწის ზედაპირზე.
- 8
.მერე მტრედი გაუშვა, რომ გაეგო, დაიკლო თუ არა წყალმა მიწის პირზე.
- 9
ვერ იპოვა მტრედმა ფეხის დასადგმელი და დაბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ ისევ წყალი იდგა დედამიწის ზედაპირზე; და გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში.
- 10
მოიცადა კიდევ შვიდი დღე, და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან.
- 11
მობრუნდა მასთან მტრედი საღამოჟამს და აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო უჭირავს ნისკარტით. და მიხვდა ნოე, რომ დამცხრალიყო წყალი დედამიწაზე.
- 12
კიდევ მოიცადა შვიდი დღე და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან. და აღარ დაბრუნებულა იგი უკან.
- 13
ნოეს დაბადებიდან ექვსასმეერთე წელს, პირველი თვის პირველ დღეს დაშრა წყალი დედამიწაზე. ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და დაინახა, რომ გამშრალიყო დედამიწის ზედაპირი.
- 14
მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა.
- 15
და უთხრა ღმერთმა ნოეს:
- 16
"გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენი ძენი და მათი ცოლები.
- 17
თან გამოიყვანე შენთან მყოფი ყველა ცოცხალი არსება - ფრინველთაგან, პირუტყვთაგან და დედამიწის ქვეწარმავალთაგან, რათა მოეფინონ დედამიწას, ინაყოფიერონ და იმრავლონ”.
- 18
გამოვიდა ნოე კიდობნიდან და მასთან ერთად მისი ძენი, ცოლი და მისი ძეების ცოლები.
- 19
და ყოველი ცოცხალი არსება: ყველა პირუტყვი, ფრინველი და ქვემძრომი თავიანთი ჯიშებისამებრ გამოვიდა კიდობნიდან.
- 20
აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან სათითაოდ ამოარჩია და აიტანა სრულადდასაწველად სამსხვერპლოზე.
- 21
იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა გულში: "აღარ დავწყევლი დედამიწას ადამიანის გამო, თუმცა სიყრმიდანვე ბოროტებისკენ არის მისი გულისწადილი მიდრეკილი. მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას, ისე როგორც ახლა ვქმენი.
- 22
სანამ იქნება დედამიწა, არ გაუქმდება მასზე თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, დღე და ღამე”.