დაბადება 12
- 1
უთხრა უფალმა აბრამს: "წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც გაჩვენებ.
- 2
დიდ ერად გაქცევ, გაკურთხებ, განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.
- 3
ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი”.
- 4
წავიდა აბრამი, როგორც უფალმა უთხრა; და ლოტიც წავიდა მასთან ერთად. სამოცდათხუთმეტი წლის იყო აბრამი, ხარანიდან რომ გავიდა.
- 5
თან წაიყვანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც მოიხვეჭეს, ყმები, რომლებიც ხარანში შეიძინეს და გაუდგნენ ქანაანის ქვეყნის გზას; და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში.
- 6
გადაიარა აბრამმა ის ქვეყანა შექემამდე - მორეს მუხამდე; ქანაანელნი ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.
- 7
გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: "შენს შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას”. და იქ აუგო აბრამმა სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას.
- 8
გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთელის აღმოსავლეთით და იქ გაშალა კარავი: ბეთელი დასავლეთით იყო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით; იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და მოუხმო მის სახელს.
- 9
დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ გააგრძელა სვლა.
- 10
შიმშილი იყო იმ ქვეყანაში და წავიდა აბრამი საცხოვრებლად ეგვიპტეში, რადგან ძალიან მძვინვარებდა შიმშილი.
- 11
ეგვიპტეს რომ მიუახლოვდნენ, უთხრა აბრამმა სარაის, თავის ცოლს: "ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ქალი ხარ.
- 12
დაგინახავენ ეგვიპტელნი და იტყვიან, მისი ცოლიაო. მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.
- 13
ამიტომ თქვი, რომ და ხარ ჩემი, მაშინ კარგად მომექცევიან და მაცოცხლებენ შენს გამო.
- 14
როცა მივიდა აბრამი ეგვიპტეში, იხილეს ეგვიპტელებმა ეს ქალი, რომელიც ძალიან მშვენიერი იყო.
- 15
ნახეს ფარაონის დიდებულებმაც და უქეს ფარაონს; და წაიყვანეს ქალი ფარაონის კარზე.
- 16
კარგად მოექცნენ აბრამს მისი ცოლის გამო. ჰყავდა აბრამს ცხვარი და პირუტყვი, ყმანი და მხევალნი, სახედრები და აქლემები.
- 17
დიდად დაასნეულა უფალმა ფარაონი და მისი სახლი სარაის, აბრამის ცოლის გამო.
- 18
იხმო ფარაონმა აბრამი და უთხრა: "ეს რა მიყავი, რატომ არ მითხარი, რომ შენი ცოლი იყო ეს ქალი?
- 19
რატომ თქვი ჩემი და არისო? მე ხომ მის ცოლად შერთვას ვაპირებდი! აი, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი აქედან!”
- 20
უბრძანა ფარაონმა თავის ხალხს და გაისტუმრეს აბრამი და ცოლი მისი, და წაიღეს თან, რაც გააჩნდათ.